შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირებულთა შორის 150000 თვითდასაქმებულზე მეტია იდენტიფიცირებული. ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად მათ მტკიცებულებების სახით არაფრის წარდგენა არ ესაჭიროებათ. კომპენსაციის გაცემა მაისის თვის ბოლოს დაიწყება.
ბიზნესში სხვადასხვა სტატუსის მქონე ფიზიკური პირები და მეწარმეები 300 ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ, თუმცა ისინი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ.
ფიზიკური პირები და მეწარმეები, რომლებსაც მცირე ბიზნესის სტატუსი აქვთ, 2020 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია ან კიდევ ამ ხნის განმავლობაში სალარო აპარატის დაფიქსირებული წრებრუნვა უნდა იქონიონ. ამ ადამიანებმა შემოსავლების სამსახურში 2020 წლის პირველ კვარტალში მათი საქმიანობის და შემოსავლის დამამტკიცებელი საბუთი უნდა წარადგინონ.
ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისათვის, რომლებიც ბაზარზე არიან დასაქმებულნი, დამამტკიცებელი საბუთი შეიძლება იყოს 2020 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, ან კიდევ იგივე პერიოდში სალარო აპარატის დაფიქსირებული წრებრუნვა. მათთვის დამამტკიცებელი საბუთი ასევე შეიძლება იყოს ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახურს ბაზრის ორგანიზატორი გასცემს, სადაც აღნიშნული ფიზიკური პირები ფიგურირებენ.
ის პირები, რომლებიც ფიქსირებული საგადასახადო საქმიანობით არიან დაკავებულნი უნდა იქონიონ 2020 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული საქმიანობის დამატკიცებელი საბუთი, რომელიც შემოსავლების სამსახურში ფიქსირებული გადასახადის სახით არის წარდგენილი.
მეწარმეები, რომლებსაც მიკრო-ბიზნესის სტატუსი აქვთ და ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან ასევე შეძლებენ კომპენსაციის მიღებას, თუკი შემოსავლების სამსახურში მიკრო-ბიზნესის სტატუსით არიან დარეგისტრირებული.
ასევე ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებსაც ჩამოთვლილი სტატუსები არ გააჩნიათ, შეძლებენ კომპენსაციის მიღებას, თუ 2020 წლის 1 აპრილამდე შემოსავლების სამსახურში 2019 წლის წლიური საშემოსავლო დეკლარაცია წარადგინეს, ან თუ 2020 წლის პირველ კვარტალში დააფიქსირეს საკონტროლო-სალარო აპარატის წრებრუნვა.
ყველა დარეგისტრირებულმა თვითდასაქმებულმა 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს www.moh.gov.ge გვერდზე განაცხადი უნდა შეავსოს. რეგისტრაციის ფორმები 15 მაისის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. მათ უნდა შეიტანონ საკუთარი მონაცემები, არავითარი დამამტკიცებელი საბუთის მიბმა არ ესაჭიროებათ. მონაცემებს შემოსავლების სამსახური საკუთარი ბაზების მიხედვით შეამოწმებს.