ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობამ უკვე აირჩია ის პრიორიტეტები, რაზეც დახარჯავენ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილ თანხას. როგორც მერიაში აცხადებენ, სოფლის მოსახლეობამ წლეულს, უპირატესობა ქუჩის განათების მოწყობას, საცურაო აუზებისა და საბავშვო მოედნების მშენებლობას მიანიჭეს.
პრიორიტეტული სამუშაოები ყველა სოფელში, ადგილობრივებს შორის კენჭისყრით შეირჩა.
აღვნიშნავთ, რომ მუნიციპალიტეტმა წელს ადგილობრივ ბიუჯეტში არ შეიტანა გარე განათების ხარჯები, ამის გამო, ყველა სოფელმა პრიორიტეტად გარე განათების მოწყობა აირჩია.
სოფლების მოსახლეობას ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის პრიორიტეტების შერჩევაში, რომ დახმარებოდნენ ახალქალაქის მერიაში, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისგან კომისია შეიქმნა, რომლებიც 6-დან 14 თებერვლამდე მონაწილეობდნენ სოფლების კრებებში და კონსულტაციას უწევდნენ მოსახლეობას.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთს წლეულს 3 366 000 ლარი გამოეყო. თანხა რეგიონის 6-მუნიციპალიტეტში განაწილდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 922 000 ლარი მიიღო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” ყველაზე მცირე თანხა შეადგენდა 10 000 ლარს, ხოლო ყველაზე დიდი 20 000 ლარს. სოფლის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, სოფლები 12 000 და 16 000 ლარს მიიღებენ.
პრიორიტეტების შერჩევა წლეულს შეზღუდულია. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გამოყოფილ თანხას ვერ გამოიყენებენ რიტუალებისა და კულტურის სახლებისა და სასაფლაოების კეთილმოწყობისთვის.
შეგახსენებთ, რომ შარშან, 2019 წელს, მუნიციპალიტეტის სოფლების უმეტესობამ უპირატესობა სასმელი წყლის გაყვანილობას მიანიჭა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში, 2019 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 312 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
ორწლიანი შესვენების შემდეგ, 2019 წელს, სახელმწიფომ განაახლა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.