აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს, მათი პოზიციების მისამართით, ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, ერევანში აცხადებენ, რომ ბაქო დეზინფორმაციას ავრცელებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 4 ნოემბერს, ღამით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალბაჯარის რაიონში განლაგებულ აზერბაიჯანელ სამხედროთა პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. მათივე ცნობით, გამოყენებული იყო სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღი. ბაქოში აცხადებენ, რომ საპასუხოდ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა „რეაგირების ადეკვატური ზომები“ მიიღეს.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანს დეზინფორმაციის გავრცელებაში დასდეს ბრალი. ერევანში აცხადებენ, რომ სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებით სტაბილურია.
მანამდე, 3 ნოემბერს, ბრიუსელში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე მომუშავე კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც ორი ქვეყნის ვიცე პრემიერი ესწრებოდა.