ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში ხოზაფინის ტბა ჭაობდება. მიდამოდ გაუარესება უკვე ნათლად ჩანს. ტბა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ნაწილია, ხოლო კითხვაზე, რას აპირებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში, პასუხი Jnews-მა მათგან მიიღო.
ხოზაფინის ტბის ნაწილი, რომელსაც ხშირად კარწახსაც უწოდებენ, თურქეთისკენ მდებარეობს. ტბის ზედაპირი უკვე ორი წელია ჭარბტენიანი მცენარეულობით არის დაფარული, რაც დაჭაობების პროცესზე მიუთითებს. წელს ტბის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მცენარეული ნაშთები, რომლებიც კვდება და ძირს ეცემა, წყლის აუზს ავსებს და აჭაობებს. შედეგად ჟანგბადი მცირდება და ტბის თევზი იღუპება.
კარწახში ხოზაფინის ტბა ჭაობდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოში Jnews-სთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ხოზაფინის ტბა ტრანსსასაზღვრო ტბაა და მისი ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს თურქულ მხარესთან ერთობლივი მართვის მექანიზმის შემუშავებისა და დანერგვისთვის. ტბის ბოლო კვლევა 2019 წელს ჩატარდა, თუმცა მაშინ დაჭაობების პრობლემა არ გამოვლენილა.
„2019 წელს კარწახის ტბის იქთიოფაუნა შეისწავლეს. კვლევის საფუძველზე მომზადდა რეკომენდაციები და ტბაში იქთიოფაუნის გაუმჯობესებისთვის სხვადასხვა სამუშაოები ჩატარდა. კვლევების მიხედვით ტბის დატბორვის საშიშროება არ დაფიქსირებულა, თუმცა გაწმენდა კვლევების ერთ-ერთი რეკომენდაცი იყო. სამუშაოები კი 2023 წელს ჩატარდება“.
კონკრეტულად დაჭაობების პრობლემასთან დაკავშირებით ნათქვამია:
„ერთ-ერთი მთავარი გლობალური გამოწვევა, კლიმატის ცვლილება, ნალექის ნაკლებობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტბების წყლის დონეზე. ამ რეალობის წინაშე დგას საქართველოს სხვა ტბებიც. პრობლემის გადასაჭრელად ყველა ღონისძიება ტარდება. მომდევნო 2023-24 წლებში ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ტბებზე (მიმდინარე სამეცნიერო კვლევები ტარდება 5-10 წლის ინტერვალით) დაგეგმილია კვლევა, რის შემდეგაც ,საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ღონისძიებებს მიმართავენ”.
ტბის დაჭაობებაზე გასული წლიდან საუბრობენ. 2021 წლის 28 ოქტომბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადგილობრივი ხელისუფლების, ჯავახეთის ეროვნული პარკის, პოლიციის, გუბერნატორისა და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა ხოზაფინის ტბის გაწმენდის აუცილებლობაზე იმსჯელეს.
შეხვედრის შემდეგ, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის ადმინისტრაციული და უსაფრთხოების მენეჯერის, სამველ პეტროსიანის თქმით, ხოზაფინის ტბა ორჯერ გაიწმინდა.
„ორი გაწმენდისას ტბიდან 1 000-ზე მეტი სათევზაო ბადე ამოვიღეთ, მაგრამ წყალში კიდევ დარჩა. ბადეებში ქვიშა ჩავიდა და გაწმენდა შეუძლებელი იყო. ვფიქრობთ ტექნიკა მოვიყვანოთ და დავასუფთაოთ. ტბის მდგომარეობის გაუარესების კი მრავალი მიზეზი არსებობს“, – განმარტავს სამველ პეტროსიანი.
მისივე თქმით, 31 ოქტომბერს თბილისში სააგენტოს ხელმძღვანელობას შეხვდნენ და ტბის მდგომარეობაზე ისაუბრეს. დისკუსიის შემდეგ მიზეზების დასადგენად და შესაძლო გადაწყვეტილებების მისაღებად კვლევის ჩატარება გადაწყდა.
ხოზაფინის ტბის დაჭაობებას რამდენიმე მიზეზი აქვს. გარემოსდაცვითი ექსპერტი ლალი მაჩაიძე მიიჩნევს, რომ მიმდებარე კულტურულ მინდვრებში გამოყენებული პესტიციდები შესაძლოა დაჭაობების მიზეზი გამხდარიყო.
პესტიციდები, როგორც ხოზაფინის ტბის დაჭაობების შესაძლო მიზეზი