დღეს, 22 ოქტომბერს, ლიკანში, მესხეთის ქ. N31-ში არსებულ კორპუსში აფეთქება მოხდა. მიზეზი, სავარაუდოდ ბუნებრივი აირი გახდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.

„სამხრეთის კარიბჭესთან“ ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.

„მეორე სართულზე გაზი აფეთქდა. მარტო ცხოვრობდა ეს ქალი. ცოცხალია. ჩვენ როგორც ვიცით ერთი, ჯამში ერთი ადამიანია დაშავებული“,-ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ადგილობრივების თქმით, ბინის მეპატრონეს გაზის გამაცხელებელი დაზიანებული ჰქონდა, სავარაუდოდ აფეთქება “კალონკამ” გამოიწვია.

“ქუჩაში მივდიოდით და ძლიერი აფეთქების ხმა გავიგეთ. ორი დღე ეს ქალი დადიოდა და იძახდა, რომ „კალონკა“ აღარ მიმუშავებსო. დღესაც იყო ხელოსანი და რაღაც ნაწილი აკლიაო. ვიყავი ბორჯომში მაგრამ ვერ ვიპოვეო. სავარაუდოდ გაზი აფეთქდა”, – ამბობს  ერთ–ერთი თვითმხილველი.