ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიაში არ არის – სარწყავი წყალი, გაზი, საკმარისი სასმელი წყალი. გზის კეთილმოწყობა დაწყებულია, მაგრამ სოფლამდე ჯერ არ მისულან. ელემენტარული პირობების უქონლობის გამო სოფელი ცარიელდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიაში ეკომიგრანტები და ადგილობრივები ცხოვრობენ. ხულოდან ეკომიგრანტების 30 ოჯახი აქ 1989 წელს დასახლდა, თუმცა ყველა არ დარჩენილა, უმრავლესობა სამუდამოდ წავიდა, ზოგნი კი ზაფხულში ორი თვით ჩამოდიან და შემდეგ მიდიან. მოსახლეობას სახლების რეგისტრაციის პრობლემა აქვს. 30 წელზე მეტი ხანია აქ ცხოვრობენ და საჯარო რეესტრში თავიანთ სახლებს ვერ არეგისტრირებენ.
შინ, მაგრამ არა საკუთარ სახლში – ახალქალაქელი ეკომიგრანტები
სოფელ აფნიაში მცხოვრები არჩილ კოჩარიძე იმედოვნებს, რომ 2024 წელს დაგეგმილი მიწის რეგისტრაციისას საკუთარი სახლის რეგისტრაციასაც შეძლებს.
სოფელ აფნიაში მთავარი პრობლემა სარწყავი წყლის ნაკლებობაა; მოსახლეობა ვერ რწყავს მინდვრებს, რაც ბოსტნეულისა და მარცვლეულის ნაკლებ მოსავალს იწვევს. სასმელი წყალი სარწყავი სეზონის დროს განსაკუთრებით იკლებს. სოფელს არც გაზი მიეწოდება. მოსახლეობის თქმით, ყოველი არჩევნების წინ სოფელს ამ პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან.
სოფლის გზა უკვე შენდება, წელს სოფელ ქარსეფის ბოლომდე ასფალტი დაიგო. მოსახლეობა იმედოვნებს, რომ ასფალტი მომავალ წელს მათ სოფელსაც მიაღწევს.
არჩილ კოჩარიძის განცხადებით, ცუდი პირობების გამო სოფელი ცარიელდება, ახალგაზრდები სკოლას ამთავრებენ, სახლებს ტოვებენ და არ ბრუნდებიან.
სოფელ აფნიაში 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. არჩილის შვილი თბილისში მუშაობს და სოფელში დაბრუნება არ სურს, თვითონაც არ არის წინააღმდეგი, რადგან იცის, რომ აქ ახალგაზრდებს პერსპექტივა არ აქვთ.
სოფელში მესაქონლეობით არიან დაკავებულნი, მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო მიწა ცოტა აქვს, შესაბამისად ნაკლები ოდენობით მოჰყავთ კარტოფილი და სხვა ბოსტნეული.
“ვისაც საშუალება ჰქონდა, ოკამიდან წყალი გაიყვანა და მინდვრებს რწყავს. მიუხედავად იმის, რომ მესაქონლეობით ვართ დაკავებულნი, საძოვრებიც ცოტაა. 5 ჰექტარი ნაქირავები მაქვს, 1 ჰექტარი ჩემია, სადაც 80 ასეული კარტოფილი დავთესე“,- განმარტავს არჩილ კოჩარიძე.
ზამთარში სოფელში მხოლოდ 15 ოჯახი რჩება, დანარჩენები მიდიან. სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა სამუშაოდ თურქეთში მიდის, იქ ჩაის აგროვებენ.
სანამ სოფლის პრობლემები გვარდება, აფნია ცარიელდება.