1988-1989 წლებში აჭარაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დღეს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ოკამში, აფნიაში, გოგაშენში, აზმანაში, ქარცეფში, კოთელიაში, პტენაში, ჩუნჩხაში ცხოვრობს, მაგრამ არ შეუძლიათ იმ სახლების პრივატიზება, სადაც 30 წელზეა მეტია ცხოვრობენ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი აფნია მიტოვებულ დასახლებას წააგავს. საბლად გადაკეთებული მიტოვებული სახლები და აქა-იქ გაფენილი სარეცხი მიუთითებდა იმაზე, რომ სოფელი მთლიანად არ დაცლილა, რომ ის ყველას არ მიუტოვებია. აქ ბევრ დანგრეულ, თუ ნახევრად აშენებულ სახლს ნახავთ. ქუჩები ჭუჭყიანია. ყველგან სიჩუმე გამეგებულა.
ორსართულიანი, იდენტური სახლები, რომლებიც აშენებულია ეკო- მიგრანტებისთვის აჭარიდან
ძირკვაძეების ოჯახი სოფელ აფნიაში ხულოს მუნიციპალიტეტიდან 1988 წელს გადავიდა საცხოვრებლად. ხულოში მათი სახლი სტიქიამ დაანგრია. ისინი სოფელ აფნიაში დეკემბერში გადავიდნენ და ეკომიგრანტებისთვის აშენებულ ერთ-ერთ სახლში დასახლდნენ. მაშინ თამარ ძირკვაძე 30 წლის იყო, ბავშვები 2 და 3 წლისები ჰყავდა.
„ძალიან ციოდა. ფანჯრებში შუშები არ იყო. ჩემმა ქმარმა ცელოფანი ააკრა, რომ ბავშვები არ გაყინულიყვნენ. როცა გარეთ ქარი იყო, სახლი ირყეოდა, ბავშვებს ეშინოდათ. არავინ დაგვეხმარა. მხოლოდ ცარიელი სახლი მოგვცეს. ჩვენ თვითონ ვიმუშავეთ და ყველაფერი გავაკეთეთ. ახლა სახლის პრივატიზება გვინდა, მაგრამ უფლებას არ გვაძლევენ, ამბობენ, თუ არ გინდა იქ ცხოვრება, შეგიძლია წახვიდეო“, – ამბობს თამარ ძირკვაძე.
ძირვკაძის რძალი მზევინარ იაკობაძე 7 წელია სოფელ აფნიაში ცხოვრობს. ბათუმელია. სანამ ბავშვები პატარები არიან, მზევინარი სოფელში იცხოვრებს, თუმცა მიაჩნია, რომ ბავშვებსა და ახალგაზრდებს პერსპექტივა არ აქვთ.
„სკოლაში არ არიან სპეციალისტები. გვყავს მასწავლებლები განათლების გარეშე, ყალბი დიპლომებით, ამიტომ ყველა მიდის აქედან, რომ ბავშვებმა კარგი განათლება მიიღონ. ჩემი შვილი ტრაქტორის მძღოლია. ტრაქტორი სესხით ვიყიდეთ, ვერ ვიხდით. დღეს სესხის დაფარვის დღეა, ოქროს ბეჭედი წავიღეთ გასაყიდად, სესხის დასაფარად, ამ პირობებში ცხოვრება არავის უნდა“, – ამბობს თამარ ძირკვაძე.
მიტოვებული სახლები თანდათან ნადგურდება
აფნიაში ახლა 18 ოჯახი ცხოვრობს. მათგან სამი ადგილობრივი, 15 – ეკომიგრანტია. ბევრი ეკომიგრანტი წავიდა. აქ ხულოდან 30 ოჯახი დასახლდა, ახლა კი მათგან მხოლოდ 15 დარჩა. მშენებლობაში მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივი ორგანიზაციები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე სახლების მშენებლობაც შეჩერდა, ნაწილი დაუმთავრებელი დარჩა და საბლებად, თივის შესანახად იყენებენ.
მიტოვებული სახლები ბეღლებს ემსახურება
1980-იანი წლების ბოლოს სოფელ აფნიაში, ისევე, როგორც სხვებში, სადაც ეკომიგრანტებისთვის სახლები აშენდა, თითქმის ყველა დასრულებული სახლი იყო დასახლებული, მაგრამ ორი-სამი წლის შემდეგ, ეკომიგრანტებმა თანდათან დაიწყეს სახლების მიტოვება. ადგილობრივ პირობებს ვერ შეეგუენ. სამუშაო, ცხოვრების პირობები და პერსპექტივები არ იყო.
ბევრი სახლი ემიგრანტებისთვის არ იყო აშენებული
ზოგიერთი წასული ეკომიგრანტი სახლს არ ცლის, სხვაგან ცხოვრობს, მაგრამ წელიწადში ორ-სამ თვეს აქ ატარებენ, სახლის პრივატიზების იმედით. აფნიაში დროებით მცხოვრებ ეკომიგრანტები არ ადასტურებენ, რომ სოფლიდან სხვაგან გადავიდნენ.
Jnews-თან სატელეფონო საუბარში მამაკაცმა, რომლის ოჯახიც წელიწადში ერთხელ ჩამოდის აფნიაში, გვითხრა, რომ სოფლის მიტოვებას არ აპირებს და თუ შესაძლებლობა იქნება, მხოლოდ დედაქალაქში გადავა.
ყველას, როგორც წასულებს, ისე დარჩენილ ეკომიგრანტებს, სურთ საკუთარი სახლების დაკანონება. სახლები კეთილმოაწყვეს, გაარემონტეს, ფული დახარჯეს ამ სახლებში და ახლა უნდათ დარწმუნდნენ, რომ ეს მათი საკუთრებაა. თუმცა პრივატიზაციას ვერ აკეთებენ და გაურკვევლობაში არიან. შესაძლებელია მხოლოდ 15 მეასედი მიწის ნაკვეთის პრივატიზება.
ეკო-მიგრანტებისთვის აშენებული სახლები, არ ექვემდებარება პრივატიზაციას
სოფელ გოგაშენში, პირიქით, მეტი ადგილობრივია, ნაკლები მიგრანტი. 1989 წელს გოგაშენში გადმოსახლებული და დასახლებული 30 ოჯახიდან ახლა მხოლოდ 4 ოჯახია შემორჩენილი. ეკომიგრანტებისთვის აქ 60 სახლი აშენდა, საიდანაც მხოლოდ 25-ია დასრულებული.
ნაზი ღორჯუმელაძე ოჯახთან ერთად სოფელ გოგაშენში ცხოვრობს.
„ხულოდან ვართ, იქ ვერსად ვიცხოვრებდით, აქ ცხოვრება შემოგვთავაზეს და გადმოვედით. ოჯახში ხუთი სული ვართ, ჩემი შვილი და მისი საცოლე სეზონურად ბათუმში მუშაობენ, ქმარი ვარძიაში მუშაობს, იქ ფერმა გვაქვს, ბედნიერი ვარ, მეზობლებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ საბუთები არ გვაქვს, პრივატიზება გვინდა, მაგრამ უფლებას არ გვაძლევენ“, – ამბობს ნაზი ღორჯუმელაძე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გოგაშენის ტერიტორიული ოლქის მერის წარმომადგენლის, ზაზა ნათენაძის თქმით, ეკომიგრანტთა უმეტესობა სოფლიდან უწყლობის გამო წავიდა. გოგაშენში ცარიელ სახლებში 25 ადგილობრივი ოჯახი დასახლდა.
ზაზა ნათენაძე თავადაც ადგილობრივია, თუმცა ეკომიგრანტებისთვის აშენებულ სახლში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან მამის სახლი ინგრეოდა. ის და მისი ოჯახი უკვე 18 წელია ორსართულიან კორპუსში ცხოვრობენ.
„სახლი ცარიელი იყო, ყველაფერი დავასრულე, ყველაფერი გავარემონტე, მხოლოდ სახურავი და კედლები იყო, პრივატიზება გვინდა, რამდენჯერმე ვცადეთ, პასუხი მივიღეთ, რომ ჯერ არ შეიძლება, მაგრამ რა იქნება, არ ვიცი. კარგი იქნება, თუ პრივატიზაციას გავაკეთებთ, რადგან ახლა გაურკვევლობაში ვართ“, – ამბობს ზაზა ნათენაძე.
სოფელ ოკამში ეკომიგრანტებისთვის 140 სახლი აშენდა, ნაწილი მიატოვეს, ამიტომ ჩამოინგრა. სოფელში ამ დროისთვის მუდმივად 65 ოჯახი ცხოვრობს, ზაფხულში ბათუმიდან კიდევ 3 ოჯახი. 35 ადგილობრივი ოჯახი გადავიდა მიგრანტებისთვის აშენებულ სახლებში.
„თავდაპირველად ყველა სახლი დაკავებული იყო, მაგრამ 2-3 თვის შემდეგ ბევრი წავიდა, ვინც იქ ცხოვრობს, როცა ხედავს, რომ სახლები წლებია დაცარიელებული იყო, დაიწყეს მათი გამოყენება დამხმარე ნაგებობად, როგორც საბძელი, საწყობი და ა.შ.“ – თქვა მერის წარმომადგენელმა ოკამას ტერიტორიულ ოლქში, სოსო ბალახაძემ.
ლომიძე ჯოლის ოჯახი სოფელ ოკამში 35 წელია ცხოვრობს. ისინიც ხულოს რაიონიდან არიან. ოჯახში 8 ადამიანია, მათგან 5 ბავშვია. მისი ვაჟი და რძალი ბათუმში მუშაობენ. ჯოლის თქმით, მათ აქ ცხოვრება უჭირთ, მიწა არ არის საკმარისი, პირუტყვი შემცირდა, მხოლოდ 3 ძროხა ჰყავთ.
„შევეჩვიეთ აქ ცხოვრებას, ოკამში სომხებიც და ქართველებიც ვცხოვრობთ, ყველა ვკონტაქტობთ, კარგ ურთიერთობაში ვართ, შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, ჩვენც წამოვიდოდით, ახალგაზრდებს უნდათ კარგი ცხოვრება, მყავს 5 შვილიშვილი. შარშან ჩემმა შვილმა მოითხოვა სახლის პრივატიზაცია, მითხრეს, არ არის დაშვებული, ასეთი კანონი არ არსებობსო, საბუთი არ არის, გვეშინია, სახლიდან არ გაგვაგდონ, დოკუმენტით უფრო მშვიდად ვიქნებოდით“, – ამბობს ის.
ახალქალაქის სახელმწიფო ქონების სამმართველოს უფროსი თამაზ გვარამაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ეს სახლები პრივატიზებას არ ექვემდებარება, ისინი სახელმწიფო ბალანსზეა და მუნიციპალიტეტისთვის არ გადაუციათ.
„ეს სახლები აშენდა ეკომიგრანტებისთვის. ჩვენ ვუთხარით, მივმართეთ სახელმწიფოს, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს. ლეგალიზაციის თაობაზე, რამდენიმე შემთხვევა შემოგვივიდა, უარი ვთქვით. ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს სახელმწიფომ, უნდა განვიხილოთ, ჩავატაროთ ვინ მიიღო ინვენტარი, მერე ვის გადასცა და რამდენჯერ შეიცვალა მესაკუთრე“, – თქვა თამაზ გვარამაძემ.
Jnews-ი პრობლემის გარკვევას ლტოლვილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროს სააგენტოში შეეცადა. სააგენტოდან მიღებულ პასუხში წერია, რომ 2004 წლიდან სამცხე-ჯავახეთში სტიქიის გამო 91 ოჯახი დასახლდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან, საიდანაც 20 ოჯახის საცხოვრებელი სახლი უკვე დაკანონდა, დანარჩენი კი პროცესშია. ასევე, სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებული და იძულებით გადასახლებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ერთიან ბაზაში 1932 ოჯახია ჩამოთვლილი. ჩამოასახლეს წალკაში, თეთრიწყაროში, ბოლნისში, დმანისში, ქალაქ რუსთავში, თბილისში, ახმეტაში, ლაგოდეხში, სიღნაღში, გურჯაანში, ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, ხულოში, შუახევსა და ბათუმში. აქედან 1547 ოჯახმა საცხოვრებელი სახლი საკუთრებად დაარეგისტრირა, დანარჩენის რეგისტრაცია მიმდინარეობს.
ყველაფერი კარგი იქნებოდა, მაგრამ როგორც სააგენტოდან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, 1980-იანი წლების ბოლოს ახალქალაქში გადმოსახლებული ეკომიგრანტები საერთო ბაზაში არ შედიან. სააგენტოს პასუხში ნათქვამია:
„რაც შეეხება 1980-90 წლებში სტიქიით დაზარალებულ და ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში, მათ შორის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გადასახლებულ ოჯახებს, გაცნობებთ, რომ სსიპ ლტოლვილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროს სააგენტო 2019 წლის 1 დეკემბერს შეიქმნა. შესაბამისად, არ მონაწილეობდა ზემოაღნიშნულ პროცესში. ამის საფუძველზე სააგენტოს არ აქვს წვდომა თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მონაცემებზე“.
ირკვევა, რომ ახალქალაქის ეკომიგრანტები რეალურად არ ითვლებიან სტიქიის მსხვერპლად და იძულებით გადაადგილებულად, შესაბამისად, სახელმწიფოსთვის არ არიან მიჩნეული საბინაო პრობლემების მქონედ. ეს ადამიანები გაურკვევლობაში ცხოვრობენ და სახლების დაკანონება სჭირდებათ.