10 ოქტომბრის საღამოს ალექსანდრა სპენდიარიანის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ აკადემიურ თეატრში ახალქალაქელი ნიჭიერი პიანისტის ანაჰიტ სტელმაშოვას სოლო კონცერტი გაიმართება, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი კარენ დურგარიანი უდირიჟორებს.

„საერთოდ არ ვნერვიულობ, სიამოვნებით ველოდები კონცერტს. დიდი ხანია მინდოდა სამშობლოში დაკვრა. ამიტომ, არ ვღელავ, პირიქით, მოუთმენლად ველი. სოლო კონცერტია, რომელსაც ორ ნაწილად შევასრულებ – ანტრაქტით და ორკესტრით. სან სანსის მეორე კონცერტსა და ლისტის მეორე კონცერტს ვუკრავ. უამრავი ადამიანი დავპატიჟე და ვიცი, აუცილებლად მოვლენ. მათ შორის ჩემი სკოლის მასწავლებლებიც არიან. ძალიან მიხარია, რომ ახალქალაქიდან ჩემ მოსასმენად ჩამოვლენ. სომხეთში რომ მიცნობენ ზუსტად ვიცი. ქუჩაში ძალიან ხშირად მოდიან ადამიანები და სურათის გადაღებას მთხოვენ, მეკითხებიან – აფიშაზე თქვენ ხართ?, მე კი ვპასუხობ- დიახ. როცა პოსტერები ჯერ არ იყო გავრცელებული, მოსკოვიდან ჩამოვფრინდი და უამრავმა ადამიანმა მიცნო, რამაც ძალიან გამიხარა”, – ჰყვება ანაჰიტ სტელმაშოვა Jnews-თან ინტერვიუში.