პარლამენტის დეპუტატი ენზელ მკოიანი Jnews-თან საუბრისას, შეკითხვაზე, თუ რას იტყვის სამველ პეტროსიანის ადვოკატის განცხადებაზე, რომელიც მკოიანს გამოძიების არაობიექტური მიმდინარეობის ხელშეწყობაში ადანაშაულებს, თქვა, რომ პეტროსიანის ადვოკატი ცრუ იფორმაციას ავრცელებს. ის ამოჭრილ კადრებს განგებ აქვეყნებს და ისინი სიმართლეს არ შეესაბამება.

29 აპრილის საღამოს, მედია-კავშირის «ობიექტივის» ეთერში, 26 მარტს ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის შესახებ რეპორტაჟი გააშუქეს. რეპორტაჟში ყოფილ დეპუტატ, სამველ პეტროსიანსა და მოქმედ დეპუტატ, ენზელ მკოიანს შორის სროლების გამოუქვეყნებელი კადრები აჩვენეს.

მკოიანსა და პეტროსიანს შორის სროლების ახალი კადრები გამოქვეყნდა

«ობიექტივის» რეპორტაჟი ენზელ მკოიანის შესახებ გადმოსცემდა, რომ ნათლად ჩანს, თუ მიზანმიმართულად როგორ ისვრის მკოიანი პეტროსიანის მხარეს. მიუხედავად ამისა, ის მხოლოდ მოწმის სახით იყო დაკითხული და როგორც რეპორტაჟში ითქვა, მას წვლილი აქვს გამოძიების არაობიექტურ მიმდინარეობაში, აქვე არსებობს ფაქტების ფალსიფიკაციის მტკიცებულებები. ჟურნალისტის განცხადებით, «ამ საქმეში მთელი სახელმწიფო ვერტიკალია ჩართული».

რეპორტაჟში ნათქვამია, რომ იარაღი, რომელიც ვიდეო კადრებში ენზელ მკოიანის ძმისშვილის არმენ მკოიანის (კადრში იარაღს მესამე პირი აწვდის) ხელში ჩანს, საქმეში არ ფიგურირებს. ხოლო ის იარაღი, რომელიც საქმეშია შეტანილი, რეალურად ინციდენტის დროს გამოყენებული არ იყო, ცეცხლსასროლი არ არის. ექსპერტიზის თანახმად, ის გაფუჭებულია და ამით სროლა ფიზიკურად შეუძლებელია. სამველ პეტროსიანის ადვოკატი, დავიდ ძნელაძე ამბობს, რომ ის იარაღი, რომელიც კადრებში არმენ მკოიანს უჭირავს, გამოძიებას არ არის გადაცემული, საქმეში სხვა იარაღი ფიგურირებს.

Jnews-ის შეკითხვაზე, იარაღის შეუსაბამობის შესახებ, რომელიც არმენ მკოიანის ხელში ფიგურირებს, ენზელ მკოიანმა თქვა.
«ჩემს ძმისშვილს საბრძოლო იარაღი არ ჰქონია. ადვოკატი ამბობს, რომ მეორე დღეს შეცვალეს იარაღი. არმენი ინციდენტის შემდეგ მაშინვე, ნახევარ საათში, ახალციხეში დაკითხვაზე წაიყვანეს, ჰკითხეს რით ისროლა, მან მაშინვე გადასცა იარაღი. როგორ უნდა შეეცვალა»,- ამბობს ის.

მედია-კავშირის «ობიექტივის» მიერ გავრცელებული კადრების შესახებ მან თქვა:
«დიახ, ეს ის კადრებია, რომლებიც მე პირადად გადავეცი გამოძიებას. ეს ჩემი სახლის სხვადასხვა კამერებიდან არის გადაღებული. რატომ აჩვენებენ ამ კადრებს ნაწილობრივ. არ შეიძლება რეალობის დამახინჯება. მაგალითად, როდესაც ვისვრით მე და პეტროსიანი, თქვენც გაქვთ ეს კადრები, ნათლად ჩანს, რომ ის სამჯერ მესვრის, ამის შემდეგ მე ვიწყებ თავდაცვას. ან ბოლოს ნაჩვენებ კადრებში, რატომ არ აჩვენებენ იმ მომენტიდან, როდესაც არმენ მკოიანი ხედავს, რომ ტყვია პირდაპირ ჩემს ფეხებთან ეცემა, ის თავში ხელებს იცემს ადგილზე, მას ალბათ ეგონა, რომ ტყვია მე მომხვდა, ამის შემდეგ ის გაურკვევლობაშია და თავდაცვის მიზნით სროლას იწყებს»,- ყვება ის.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტს, დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 15:28 საათზე კაფე «გოლდთან», რომელიც პეტროსიანს ეკუთვნის, პეტროსიანის ვაჟსა და მკოიანის ნათესავებს შორის კონფლიქტი დაიწყო. კადრებში ასევე ჩანს, რომ დაპირისპირება არ იყო ხანგრძლივი და მალევე დასრულდა. მას შემდეგ, რაც კონფლიქტში მონაწილე მხარეები თითქოს და დამშვიდდნენ და დაიშალნენ, “ქართული ოცნების” პარტიის მოქმედ წევრს, ენზელ მკოიანსა და “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წევრს, სამველ პეტროსიანს შორის სროლები იწყება.

ამის შედეგად დააკავეს ახალქალაქის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი სამველ პეტროსიანი, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმისშვილი. ორივე ბრალდებული, ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დანაშაულის აღკვეთის მიზნით დააკავეს.

მოგვიანებით როგორც პეტროსიანს, ასევე მკოიანს გამოძიების მიმართ პრეტენზიები გაუჩნდათ.

პეტროსიანის მხარე ამტკიცებს, რომ მკოიანი საქმეში ჩართული უნდა იყოს არა როგორც მოწმე, არამედ, როგორც მხარე, რადგან ის ესროდა პეტროსიანს. მსგავსი განცხადებით გამოვიდნენ, როგორც ““ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, ასევე ““საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან”.

თავის მხრივ, ენზელ მკოიანი გამოვიდა განცხადებით მასზედ, რომ პეტრიოსიანს არ ასამართლებენ იმისათვის რაც გააკეთა, ის უნდა გაასამართლონ “მკვლელობის მცდელობისათვის. მკოიანის მხარდასაჭერად ასევე გამოვიდა «ქართული ოცნების» პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე. მან განაცხადა, რომ მკოიანი თავს იცავდა და ის პასუხისმგებლობის წინაშე არ უნდა დააყენონ.

საბოლოოდ, სასამართლო პროცესი ხულიგნობისა და იარაღის მარლთსაწინააღმდეგო გამოყენების საქმით გრძელდება, ჯერჯერობით სხდომა მხოლოდ დანაშაულის აღკვეთის ღონისძიების საკითხის შესახებ გაიმართა.

დაპირისპირება პეტროსიანი vs მკოიანი: სროლებიდან პეტიციებამდე