რამდენიმე თვეა, სოფელ ვაჩიანიდან კარწახის საბაჟო პუნქტამდე სატვირთო მანქანების კილომეტრიანი რიგი არ წყდება. Jnews-ი არაერთხელ დაუბრუნდა ამ საკითხს. კარტოფილის მოსავლის აღების სეზონზე საკითხი ისევ აქტუალური გახდა. საქმე იმაშია, რომ ხალხი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მინდორში გაყვანას ვერ ახერხებს.
ჯავახეთში კარტოფილის მოსავლის აღების სეზონია. ახალქალაქის გზაზე სოფელ ვაჩიანიდან კარწახის საბაჟო პუნქტამდე დაახლოებით 10 სოფელი მდებარეობს. ამ სოფლების მცხოვრებლები წუხან, რომ სატვირთო მანქანების კოლონა ხელს უშლის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეუფერხებელ მოძრაობას, რაც მათ ისედაც რთულ სამუშაოს კიდევ უფრო ართულებს.
„კარტოფილის მოსავლის აღება დაიწყო, სატვირთო მანქანების სიმრავლე გვაწუხებს. ამ გზას გაფართოება სჭირდება, მე-3 ზოლია საჭირო. იცით, რა ხშირად ხდება, როცა გზაზე ვართ და ჩვენსკენ სატვირთო მანქანა მოდის, ხილვადობა ძალიან ცუდია, უნდა დავბრუნდეთ და მოვძებნოთ ადგილი, სადაც გზიდან გადავალთ და გავჩერდებით. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში ეს პრობლემა კიდევ უფრო რთულდება“, – განუცხადა Jnews-ს სულდას მცხოვრებმა გალუსტ თოროიანმა.
ახალქალაქი-კარწახის გზაზე სატვირთოების კოლონას ძირითადად თურქეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ირანის და სხვა ქვეყნების სახელმწიფო ნომრებიანი მანქანები ქმნიან. სოფლის მოსახლეობა ჩივის, რომ მძღოლები გარემოს აბინძურებენ.
„ეს გზა და სატვირთოები ჩვენთვის ტრაგედიად იქცა, როდის დამთავრდება, ვფიქრობ, აღარც დასრულდება. თუ ახლა ასეთ ცხელ ამინდში, როცა წვიმა არ არის, ასე ძნელია ქალაქამდე ან მინდვრამდე მისვლა, რა იქნება ზამთარში? სოფელ ვაჩიანში ყოველდღე მივდივარ სასმელ წყალზე, წარმოგიდგენიათ რა იქნება თოვლისა და ნალექის დროს?“ – Jnews-თან საუბარში აღშფოთება ვერ დაფარა სოფელ სულდას მკვიდრმა არარატ მარაბიანმა.
საქართველოს საბაჟო სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში გამავალი სატვირთო მანქანების ნაკადი 12%-ით გაიზარდა, თურქეთის მიმართულებით – 16%-ით, ხოლო აზერბაიჯანის მიმართულებით – 20%-ით. 2019 წლიდან ტრანზიტის მაჩვენებლები 80%-ით გაიზარდა.
ტრაფიკის მკვეთრი ზრდის გამო, საქართველოში ყველა საბაჟო პუნქტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. იმავდროულად, ყველა გამშვებ პუნქტზე გაიზარდა მებაჟეების რაოდენობა, რათა საბაჟო კონტროლის პროცედურები უწყვეტად და დღე-ღამის განმავლობაში განხორციელდეს.
«კარწახის» გამშვები პუნქტი საქართველო-თურქეთის საზღვარზე 2015 წელს გაიხსნა. თურქეთის მხარეს მოქმედებს «აქტაშ-ჩილდირის» საბაჟო. თურქეთსა და საქართველოს შორის კიდევ ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტია: «სარფის» გამშვები პუნქტი, რომელიცშავი ზღვის სანაპიროზე ბათუმსა და არდვინს აკავშირებს, მეორე «ვალეს» გამშვები პუნქტი, რომელიც ახალციხესა და არდაჰანს აკავშირებს, მესამე გამშვები პუნქტი — «კარწახი».