“ჯავახეთის გემოს” ციკლში JNEWS-ი წარმოგიდგენთ სხვადასხვა კერძებს, რომლებიც ჯავახეთის თავისებურებებს ამჟღავნებს. გემოვნებითა და კულტურული მრავალფეროვნებით განსაკუთრებით გამოვყოფთ ჯავახეთის მცხოვრებლებს, რომლებიც თავიანთ კულტურას თაობიდან თაობას გადასცემენ, იქნება ეს ხელოვნება, ლიტერატურა თუ სამზარეულო.
დღეს ჯავახურ შემწვარ კათბანჯარს წარმოგიდგენთ.
ბევრი ჩვენგანისთვის უცნობ ამ მცენარეს ჯავახეთის სოფელ სამსარში კათბანჯარს უწოდებენ. ყოველწლიურად მაის-ივნისში აგროვებენ და ამზადებენ.
მრავალი წლის განმავლობაში სხვა ქვეყანაში მცხოვრები მასის ჰარუთუნიანი ყოველწლიურად ჩამოდის ჯავახეთში, მის მშობლიურ სოფელ სამსარში, პირადად აგროვებს და ამზადებს კათბანჯარს. არ ავიწყდება შეგროვებული მცენარის ნაწილის საზღვარგარეთ წაღება, რათა იქ მცხოვრებმა მეგობრებმა მისი მშობლიური სოფლის გემო და არომატი გაიცნონ.
დღეს ის JNEWS-ისთვის მოამზადებს შემწვარ კათბანჯარს. როგორც Jnews-მა გაარკვია, დიდი ალბათობით, ეს არის ჩინას მცენარე, ანუ სომხური ტაპოლორი.
კათბანჯარის დამზადების რეცეპტი მასისმა ბებიისგან ისწავლა. ყველაფერს ზუსტად ისე ამზადებს, როგორც ბებიას აკეთებდა. მასისმა არათუ არ დაივიწყა, არამედ ჯავახური მწვანილის მომზადება შვილებს, მეგობრებსა და ნაცნობებს ასწავლა.
მასისის თქმით, მის მოსამზადებლად ჯერ სამსარის ხეობაში შეგროვებული ერთი კილოგრამი კათბანჯარი უნდა მოხარშოთ, შემდეგ ტაფაში გაადნოთ კარაქი, ტაფაში ჩაყაროთ მოხარშული კათბანჯარი ცოტაოდენი მარილით. ცოტათი შეწვის შემდეგ დაასხით 5-6 ათქვეფილი კვერცხი და გამუდმებით ურიეთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს მწვანილებზე. შეწვით 5 წუთის განმავლობაში და უკვე შეგიძლიათ მიირთვათ ეს უნიკალური კერძი.