21 სექტემბერს Jnews-ის რედაქციამ ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო წერილი ssg gov-სგან, რომელიც ძალიან ჰგავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილს, გამომგზავნის პროფილის ფოტოს ასევე აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ლოგო. წერილში მოცემულია რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა დაიწეროს უკრაინის ომზე და როგორ უნდა გაშუქდეს ქვეყნის საშინაო პოლიტიკა.
Jnews-ის რედაქციაში, ვითომ და, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოგზავნილმა წერილმა დიდი ინტერესი გამოიწვია, მით უმეტეს, რომ „რედაქტორებს სთხოვენ, ყურადღებით შეისწავლონ ტექსტი რეკომენდაციებით და დაიცვან ისინი“. თუმცა, რეკომენდაციების ტექსტი რომ გავხსენით და წავიკითხეთ, მიუხედავად იმისა, რომ ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაურის ლოგოს ფონზე იყო დაწერილი, გაჩნდა კითხვა, თუ სინამდვილეში ვინ დაწერა ის?
რეკომენდაციების ტექსტში, კერძოდ, ნათქვამია, რომ ბოლო დროს საქართველოში უარყოფითი რეაქციაა რუსი ტურისტებისა და ზოგადად რუსების მიმართ, რაც ხელს უშლის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ამიტომ „დეპარტამენტმა“ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც უნდა ვიმუშაოთ.
ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ უკრაინის ომს ომი კი არ ვუწოდოთ, არამედ კონფლიქტი, ან სამხედრო ოპერაცია. ყველაზე საინტერესო რეკომენდაცია შემდეგია, წარმოგიდგენთ ზუსტად ისე, როგორც ტექსტში წერია:
„უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული ოპერაციების გაშუქების შემცირება“.
ისევე, როგორც სხვა რეკომენდაციები ამ მიმართულებით.
ხოლო წერილის “საქართველოს შიდა საინფორმაციო პოლიტიკის” განყოფილებაში მოცემულია რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა დაწეროთ დადებითი რამ პუტინის იმიჯზე, შეამციროთ ინფორმაციის გავრცელება 2008 წლის ომზე და მრავალი სხვა.
რა თქმა უნდა, მედიამ შეიძლება საერთოდ არ მიაქციოს ყურადღება მსგავს წერილებს, რომელიც ზედმეტად არაპროფესიონალურია, რაც თავიდან Jnews-ის რედაქციამ გააკეთა, მაგრამ ჩნდება კითხვა, რატომ და ვინ წერს ამ რეკომენდაციებს და რატომ არის ლოგო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციალები (ინგლისურად).