მათ, ვინც არ შედის რისკ-ჯგუფებში და კორონავირუსზე შემოწმების პროტოკოლში არ ხვდება, შეუძლიათ ფასიანი ტესტირების ჩატარება.
ესაა როგორც „სწრაფი ტესტი“ ანტისხეულებზე, ასევე მაქსიმალურად სანდო PCR-ტესტი. ამჟამად ბინაში კერძო გამოძახებით თბილისში ორი ლაბორატორია მუშაობს.
PCR-ტესტს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია საქართველოს მოქალაქეებისთვის 620 ლარად აკეთებს, ხოლო უცხოელებისთვის – 1 ათას ლარად.
ლაბორატორიის თანამშრომლები პაციენტს ცხვირ-ხახიდან უღებენ სინჯს. შედეგები მაქსიმუმ 36 საათშია ცნობილი. PCR-ტესტი კორონავირუსს დაავადების პირველივე დღიდან ავლენს.
ე.წ. სწრაფ ტესტებს ატარებს ბავშვთა სასწრაფო დახმარება „ბეიბი ექსპრესი“, ოღონდ არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მოზრდილებისთვისაც. ღირებულებაა 160 ლარი. შედეგი ცნობილია დაახლოებით 24 საათში. „სწრაფი ტესტი“ აჩვენებს კორონავირუსის ანტისხეულების არსებობას, რომლებიც დაავადებიდან მესამე–მეშვიდე დღეს ჩნდება.
PCR ტესტირება საქართველოს კიდევ ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი>>
ამავდროულად ჯანდაცვის სამინისტრო აფართოებს რისკ-ჯგუფების სიას, სადაც მასობრივი ტესტირება სახელმწიფოს ხარჯზე ხდება.
ამჟამად სახელმწიფო ტესტირებას უტარებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსის გამოხატული სიმპტომები აქვთ. ანალიზებს იღებენ უშუალოდ იმ კლინიკებში, რომლებიც იღებენ პაციენტებს კორონავირუსის დიაგნოზით ან ამ დაავადებაზე ეჭვით, ან კარანტინის ზონებში – მაღალი ეპიდემიოლოგიური საფრთხის მქონე დასახლებულ პუნქტებში.
უკვე დაიწყო სამედიცინო პერსონალის, სასწრაო დახარების სამსახურის თანამშრომლების (დაახლოებით 4,5 ათასი ადამიანი), თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლების ტესტირება.
აფთიაქებისა და მაღაზიების თანამშრომლები უკვე შეყვანილი იყვნენ აუცილებელი ტესტირების ჯგუფში. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ამ პირთა ტესტირება კორონავირუსზე.
ასევე მიზნობრივ ჯგუფებში შედის დანარჩენი მედპერსონალი, სამონასტრო კომპლექსებში მცხოვრები პირები, ფიქიატრიული კლინიკების თანამშრომლები და პაციენტები.
ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სახლში ტესტირების სიაში შეიყვანოს მოხუცთა სახლებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატებში მცხოვრებნი.