უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები მინსკიდან ერევანში ჩასვლას შეძლებენ, საიდანაც, აეროპორტიდან ავტობუსებით საქართველოში ჩამოვლენ. საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალურ რეისებს ავიაკომპანია “ბელავია” 1,8 და 15 მაისს განახორციელებს. უცხოეთიდან ჩამოსულები 14 დღით კარანტინში მოთავსდებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები, რომლებსაც სურთ სამშობლოში ერევნიდან დაბრუნდნენ, უნდა დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს. სამშობლოში დასაბრუნებლად ისინი გაივლიან სამედიცინო შემოწმებას და 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ხელისუფლებამ, უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის სახელმწიფო საზღვრების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, გარდა  განსაკუთრებული შემთხვევებისა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და გაგრძელდება 22 მაისამდე.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის შედეგად, აპრილში შესაძლებელი გახდა სომხეთის გავლით, თბილისში, აშშ-დან და ისრაელიდან 35 მოსწავლისა და 10 სტუდენტის ჩამოყვანა.

30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 17,072 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 8,728 მოქალაქე.

COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს,”- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

საგარეო უწყების ცნობით, ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 2 მაისი – პრაღა-ბათუმი, 5 მაისი – ათენი-თბილისი; 7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი; 9 მაისი – ბერლინი-თბილისი.