სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთის საზღვართან მომხდარი შეტაკებების შედეგად, 49 სომეხი სამხედრო დაიღუპა.
“თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სამწუხაროდ 49 სამხედრო დაიღუპა, თუმცა ეს არ არის საბოლოო მონაცემები. ამ დროისთვის საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა შემცირებულია, თუმცა გრძელდება ორი მიმართულებით”, – განაცხადა ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ ფაშინიანი აზერბაიჯანს სომხეთის ძალების პოზიციებზე თავდასხმაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, რეგიონში ერთადერთი აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა სომხეთია.„რეგიონში ერთადერთი აგრესორი და ოკუპანტი სომხეთის რესპუბლიკაა, რომელსაც აზერბაიჯანის ყარაბაღის ეკონომიკურ ზონაში ისევ ჰყავს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და ტექნიკა. აზერბაიჯანის არმია სომხეთის ფართომასშტაბიანი პროვოკაციის პასუხად მიმართავს ლოკალურ კონტრზომებს და საცეცხლე წერტილების ნეიტრალიზაციას ახდენს. სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები ბოლო ერთი თვეა ინტენსიურად ესვრიან აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქელბაჯარის, ლაჩინის და დაშქესანის მიმართულებებით, რაც წუხანდელ ფართომასშტაბიან პროვოკაციასთან ერთად წარმოადგენს სიტუაციის გამწვავების ძირითად მიზეზს”, – ნათქვამია ნაზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდაცვლილები აზერბაიჯანის მხარესაც არიან, ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ადამიანია დაღუპული.
მთიანი ყარაბაღის გამო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ორი წლის წინ განახლდა. 2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის “სამშვიდობო კონტინგენტი”. კონფლიქტის ზონაში სიტუაცია დაიძაბა 2022 წლის აგვისტოშიც.