დღეს, 11 სექტემბერს, სომხური სამოციქულო ეკლესია “ხაჩვერაცის” დღესასწაულს აღნიშნავს. დილიდან ათობით მორწმუნე ნინოწმინდელი სულიერი მოძღვრის ტერ არმაშ პოღოსიანის ხელმძღვანელობით სოფელ არაქალის “სურბ ხაჩის” ეკლესიაში მივიდა.
10-კილომეტრიანი გზა მომლოცველებმა განზრახ თუ უნებლიეთ ჩადენილი ცოდვების გახსენებით და გაანალიზებით გაიარეს, ლოცვით ღმერთთან საუბრისას და სინანულის თხოვნით.
ამის შემდეგ ტაძარში სადღესასწაულო წირვა გაიმართა.
დიდი არაქალი- ერთადერთი სოფელი ნინოწმინდის რაიონში, რომელსაც აქვს ეკლესია სურბ ხაჩი (წმინდა ჯვარი).
ხაჩვერაცი (ჯვრის ამაღლება) სოფლის დღესასწაულიცაა. უკვე ტრადიციულად ქცეულ მომლოცველობას ტერ არმაშ პოღოსიანი ყოველწლიურად აწყობს.
ხაჩვერაცი ჯვრისადმი მიძღვნილი დღესასწაულებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ის ტყვეობიდან ჯვრის დაბრუნებისა და განდიდების ხსოვნას ეძღვნება.
სომხურ ეკლესიებში “ხაჩვერაცის” 11-დან 17 სექტემბრამდე, ერთი კვირის განმავლობაში აღნიშნავენ. “ხაჩვერაცი” (წმინდა და მაცოცხლებელი ჯვრის ამაღლება) აღინიშნება უფლის ჯვარცმის, სპარსელთა ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნებისა და გოლგოთაზე აღმართვის (ამაღლების) აღსანიშნავად. აქედან მოდის დღესასწაულის სახელწოდება “ხაჩვერაცი”.
დღესასწაულის მეორე დღე მიცვალებულთა ხსენების დღეა (მერელოცი). ამ დღეს ეკლესიებში აღევლინება ლიტურგია, პანაშვიდი, რის შემდეგაც მიცვალებულთა საფლავებს ინახულებენ.
სომხურ სამოციქულო ეკლესიას აქვს წმიდა ჯვრისადმი მიძღვნილი შემდეგი დღესასწაულები: “ერევუმნ სურბ ხაჩი” (წმინდა ჯვრის ხილვა), “ხაჩვერაცი” (ჯვრის ამაღლება), “ვარაგა სურბ ხაჩი” (წმინდა ჯვარი ვარაგა) და “გიუტ ხაჩი” (წმინდა ჯვრის პოვნა). ამ ოთხიდან სამი ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში აღინიშნება და მხოლოდ “ვარაგა სურბ ხაჩის” დღესასწაული წმინდა სომხურია და მხოლოდ სომხურ ეკლესიაში აღინიშნება.