ბრიუსელში ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეოთხე შეხვედრა გაიმართა.

მოლაპარაკებები დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმაც და აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც უარი განაცხადეს ჟურნალისტებთან შეხვედრის შედეგებზე საუბარზე.

მოლაპარაკებების ფასილიტატორმა შარლ მიშელმა შედეგების შესახებ მედიასთან განცხადება გააკეთა, სადაც მოკლედ შეეხო ყველა საკითხს.

შეხვედრის შედეგებზე გაკეთებულ კომენტარს სააგენტო JAM News -ი ავრცელებს.

ფაშინიანსა და ალიევს შორის შემდეგი შეხვედრა ნოემბერშია დაგეგმილი.

შარლ მიშელის განცხადება პრესისთვის

ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დისკუსიები მიეძღვნა სამხრეთ კავკასიაში ბოლო მოვლენებს და თითოეული ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობებს. მოხდა აზრთა გაცვლა, რომელსაც მიშელმა”ღია და პროდუქტიული” უწოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრაზე განიხილეს სომხურ-აზერბაიჯანული დღის წესრიგის მთელი რიგი საკითხები.

გარდა ამისა, მიშელმა გამოკვეთა შემდეგი:

სამშვიდობო შეთანხმება

დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ გავააქტიუროთ არსებითი სამუშაოები სამშვიდობო ხელშეკრულების ხელშეწყობისთვის, რომელიც არეგულირებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს და დავავალეთ საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომ შეიკრიბონ ერთი თვის განმავლობაში, რათა იმუშაონ ტექსტების პროექტებზე.

ჰუმანიტარული საკითხები

ასევე დეტალურად განვიხილეთ ჰუმანიტარული საკითხები: განაღმვის, პატიმრებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედი.

სასაზღვრო საკითხები

ჩვენ შევაფასეთ პროგრესი საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში და ასევე განვიხილეთ რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციის ვარიანტები. ჩვენ შევთანხმდით, რომ დელიმიტაციის კომისიების შემდეგი სხდომა ნოემბერში, ბრიუსელში გაიმართება.

კომუნიკაციები

ჩვენ განვიხილეთ სატრანსპორტო მარშრუტების განბლოკვის მთელი რიგი პირობები. ყველა ამ დისკუსიასთან დაკავშირებით მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია ორივე მხარის მოსახლეობის ჩართვა და მათი მომზადება გრძელვადიანი მდგრადი მშვიდობისთვის.

ევროკავშირი ასევე გააგრძელებს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ორივე ქვეყნისა და მათი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.

ინფორმაცია ერევნიდან

შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის აპარატმა შემდეგი განცხადება გაავრცელა:

„განხილული იქნა პატიმრების გათავისუფლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების საკითხები, ასევე საზღვრის დემარკაციასთან და უსაფრთხოებასთან, რეგიონულ განბლოკვასთან, სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მოწესრიგებასთან და მთიანი ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებული საკითხები.

მიღწეული იქნა შეთანხმება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებაზე არსებითი მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ერთ თვეში გაიმართება. საზღვრების დელიმიტაციისა და უსაფრთხოების კომიტეტის შემდეგი სხდომა კი ნოემბერში ბრიუსელში შედგება.”

კომენტარები ერევნიდან

სომეხი ანალიტიკოსები ბრიუსელში მოლაპარაკებების დაწყებამდეც ვარაუდობდნენ, რომ შეხვედრაზე სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებთან დაკავშირებული ყველა საკითხი განიხილებოდა.

„აზერბაიჯანისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სამშვიდობო ხელშეკრულების დღის წესრიგია და ბაქო შეეცდება ამ საკითხზე ერევნისგან რაიმე დათმობა მიიღოს. შესაძლოა, ერევანი გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, რადგან გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყოველი ესკალაციის შემდეგ მთიან ყარაბაღში ან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სომხეთის ხელისუფლება ჩვეულებრივ დათმობებზე მიდის“, – ამბობს პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი.

არავითარი მნიშვნელოვანი გარღვევა არ უნდა იყოს მოსალოდნელი, თქვა პოლიტიკურმა დამკვირვებელმა ჰაკობ ბადალიანმა მოლაპარაკებების დაწყებამდეც:

„ძალიან ბევრი რადიკალურად საპირისპირო მიდგომაა მხარეთა პოზიციებში. ძნელი წარმოსადგენია, რომ რამდენიმე შეხვედრამ შეიძლება არა მხოლოდ პრობლემების მოგვარება, არამედ სამშვიდობო შეთანხმების განხილვაც დაიწყოს. უფრო მეტიც, თავად მხარეთა პოზიციების გარდა, ინტერესთა კონფლიქტიც არსებობს მთავარ შუამავალ აქტორებს შორის. ეს არის არა მხოლოდ ბრიუსელი და მოსკოვი, არამედ ვაშინგტონი და მოსკოვიც.

ამერიკელი თანათავმჯდომარის დანიშვნის კონტექსტში აშშ-ს ბოლო განცხადებებში ნათქვამია, რომ ვაშინგტონს თავისი წინადადებები აქვს და ძირითადი გზავნილები ბაქოსკენ არის მიმართული. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ირგვლივ არსებითი მუშაობა უახლოეს მომავალში არ არის მოსალოდნელი“.

კომენტარი ბაქოდან

ბრიუსელში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგებს გამოეხმაურა JAMnews-ის აზერბაიჯანული გამოცემის რედაქტორი ჰუსეინ ისმაილბაილი:

„ევროკავშირის შუამავლობით ამ სამმხრივ შეხვედრამდე იყო ვარაუდი, რომ ოფიციალური ბაქო მოწინააღმდეგე მხარის ზეწოლას მოახდენდა, რათა შესრულდეს 2020 წლის 10 ნოემბრის შეთანხმების პირობები კომუნიკაციების გახსნასთან დაკავშირებით, კერძოდ, ზანგეზურის დერეფნის გასწვრივ.

მაგრამ ევროსაბჭოს პრეზიდენტის განცხადებიდან თუ ვიმსჯელებთ, ოთხ საათში საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს – კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.

შეთანხმება ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეა. იქ ასევე მოსალოდნელია დელიმიტაციის კომისიების სხდომა. სხვათა შორის, ეს კომისიები გუშინ მოსკოვში შეიკრიბნენ.

აქ შეუძლებელია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის დილის განცხადება არ გავითვალისწინოთ. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი, რომელიც რეგიონში წარმოდგენილია სამშვიდობო კონტიგენტით, კვლავ რჩება მთავარ შუამავლად აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტის მოგვარების საქმეში, ბრიუსელში შეხვედრისგან რაიმე კონკრეტულის მოლოდინი არ შეიძლება არსებობდეს, რადგან რუსეთმა უკვე გამოთქვა თავისი აზრი და პრაქტიკულად გააუქმა ამ სამიტის შედეგები ჯერ კიდევ მის დაწყებამდე.“

რუსეთი მოლაპარაკებებს „ფსევდოინიციატივად“ მიიჩნევს, აშშ დიალოგს ინარჩუნებს

31 აგვისტოს, ბრიუსელში შეხვედრის დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ევროკავშირის საქმიანობა სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ამბიციებით არის განპირობებული, მაგრამ არ არსებობს რეალური სურვილი, ხელი შეუწყოს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებას:

„ეს არის ევროპელების ფსევდოინიციატივები. ისინი უფრო შუამავლობის ურცხვად მითვისების მცდელობას ჰგავს. მოსკოვი ორიენტირებულია სამმხრივი შეთანხმებების ყველა პუნქტის უმაღლეს დონეზე შესრულებაზე.

რაც შეეხება ამ მიმართულებით ევროკავშირის გეგმებს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სომეხი და აზერბაიჯანელი პარტნიორებისგან ამ კუთხით არანაირი ინფორმაცია არ მიუღია. რუსეთი, როგორც შუამავალი მუშაობს და ამ მუშაობას მოაქვს კონკრეტული შედეგები, რასაც შესაბამისად აფასებენ ერევანი და ბაქო.“

ანი მინასიანი