ჯავახეთის გაზგამანაწილებელი კომპანია SJGC გვაცნობებს, რომ სახელმწიფომ აბონენტების სუბსიდიები უკვე დარიცხა. თუ აბონენტის ანგარიშზე მინუსი ისახება, იმ შემთხვევაში, თუ მან 200 კუბამეტრამდე ბუნებრივი აირი მოიხმარა, მარტის თვის გადასახადი შეუძლია არ გადაიხადოს.
«თუ გადარიცხვა დაგვიანდა შეიძლება მინუსი გამოისახოს, მაგრამ ხალხმა არ უნდა ინერვიულოს, მათ ანგარიშზე თანხა უკვე დარიცხულია. მომდევნო თვეში ყველაფერი დროულად შესრულდება»,- თქვეს გაზგამანაწილებელ კომპანიაში.
აპრილის თვეში კომპანია მრიცხველების ახალ მონაცემებს გააგზავნის და პროგრამაში ჩაერთვებიან ისევ ის აბონენტები, რომლებიც 200 კუბამეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ. გამომდინარე იქიდან, რომ ამინდი გამოიდარებს, გათბობის მოხმარება შემცირდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომდევნო თვეში ჯავახეთში კომუნალური გადასახდების სუბსიდირების პროგრამაში უფრო მეტი ბენეფიციარი იქნება ჩართული.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მარტის თვეში სახელმწიფო სუბსიდირებით 4015 აბონენტმა ისარგებლა, ხოლო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში -2820. გაზგამანაწილებელ კომპანია SJGC-ში, დაახლოებითი მონაცემებით, ჯამში 17000 აბონენტზე ოდნავ მეტია ფიქსირებული.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში შექმნილი ვითარების გამო სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება მარტის, აპრილის და მაისის თვეების კომუნალური გადასახადები დაუფაროს იმ აბონენტებს, ვინც 200 კუბამეტრამდე ბუნებრივ აირსა და 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ასევე დაიფარება წყლისა და დასუფთავების მომსახურების გადასახადები.