სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „გალფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად წარჩინებული პირველკურსელები 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებენ.
მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა და „გალფის“ გენერალურმა დირექტორმა ქრეიგ სთივენ ქრამერმა მოაწერეს.
დოკუმენტის თანახმად, კომპანია „გალფი“ 100 სტუდენტისთვის, რომლებმაც 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგი აჩვენეს, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში უზრუნველყოფს სტიპენდიის ჩარიცხვას ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით.
სტიპენდია გაიცემა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, სტუდენტობის კანდიდატთა შორის უმაღლესი შედეგის მქონე 100 აბიტურიენტზე.
როგორც Jnews-ს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურში აცნობეს, სტიპენდიის მიღება არაქართულენოვან სტუდენტებსაც შეუძლიათ.
„გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, რომლის მიხედვითაც შეირჩევა 100 საუკეთესო. სტიპენდიას მიიღებენ მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებსაც აქვთ სტუდენტის სტატუსი, თუ სიაში არიან არაქართულენოვანი სტუდენტები, სტუდენტის სტატუსის მოპოვებისთანავე პირველ კურსზე მიიღებენ სტიპენდიას“, – Jnews-ს აცნობეს განათლების სამინისტროს პრესსამსახურში.