საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, იმ პირებისთვის, რომლებმაც კორონავირუსის მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით გამოცხადებული კარანტინის გამო სამსახური დაკარგეს, თვეში 200 ლარის გადარიცხვა მაისიდან დაიწყება.
გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
“ათვლა დაიწყება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან და გადარიცხვები დაიწყება მაისიდან, მაშინ, როცა შემოსავლების სამსახურს ექნება პირველი ინფორმაცია დეკლარაციების სახით და მაშინ, როცა დავინახავთ, რომ ადამიანმა შემოსავალი დაკარგა”, — განმარტა გახარიამ.
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით, თვეში 200 ლარს გადაუხდიან მათ, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში გადავიდა.
“ეს არის ის მინიმუმი, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობას შეუძლია, შესთავაზოს თითოეულ მოქალაქეს, იმ საკმაოდ შეზღუდული რესურსებიდან, ჩვენი ეკონომიკის სიმცირიდან გამომდინარე”, — განაცხადა პრემიერმა ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას.