დახმარებას ასევე მიიღებენ სოციალურად დაუცველებიც. სახელმწიფომ ამისთვის 83 მლნ ლარი გამოყო. ამის შესახებ, დღეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დახმარება შეეხება იმ ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 ათასსა და 100 ათასს შორის არის. საქართველოში ასეთი 70 ათასი ოჯახი და დაახლოებით, 190 ათასი მოქალაქეა.
რაც შეეხება, ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100 ათასამდე და ჰყავთ 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი, რაც ნიშნავს მრავალშვილიან ოჯახებს, გახარიას თქმით, სახელმწიფო მათაც 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით დაეხმარება. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში ასეთი 21 ათასი ოჯახია და ეს მოიცავს 130 ათასს მოქალაქეს.
“სახელმწიფო უკვე ეხმარება ამ მოქალაქეების ჯგუფს 65 ათასს ქულამდე, მაგრამ ყურადღების გარეშე არის დატოვებული 65 ათასიდან 100 ათასამდე ქულის მქონე ოჯახები, რომლებსაც მრავალშვილიანების და არასრულწლოვნების ყოლის პირობებში ვეხმარებით, თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში გადავწყვიტეთ, რომ ასეთ ოჯახებს 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით დავეხმაროთ”, — განაცხადა გახარიამ.
პრემიერის განმარტებით, მთავრობის დახმარებას მიიღებენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შშმ ბავშვები. ასევე, ისინიც, 6 თვის განმავლობაში 600 ლარის დახმარებით ისარგებლებენ. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში ასეთი 40 ათასი მოქალაქეა.