იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში, მილიონამდე მოქალაქეს ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი დაუსუბსიდირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას.
„ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება კერძოდ მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და ნაკლები ქულის მოსახლეობას, რაც დაახლოებით ერთ მილიონ ადამიანს შეადგენს. მოგეხსენებათ, ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, რომელიც გრძელდებოდა ორი წელი. იანვარში სუბსიდირების პროგრამა შეწყდა და ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროგრამა გავაგრძელოთ და მოსახლეობის ის ფენა, რომელიც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, ამ მიზნობრივ ჯგუფებს დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.