დღეს, 28 ივლისს, მსოფლიო C ჰეპატიტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი გაიანე ფიდანიანი ახალქალაქელებს მოუწოდებს, C ჰეპატიტის ექსპრეს-ტესტირება გაიარონ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 28 ივლისი C ჰეპატიტის დღედ დააწესა, რათა მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება და გამოკვლევები ჩატარდეს.
“ჯანდაცვის მსოფლიო ირგანიზაციის მთავარი მიზანია 2030 წლამდე C ჰეპატიტით დაავადებულთა ბაზის შექმნა, რომლებმაც დროულად არ გაიარეს ტესტირება და გამოტოვეს. მსოფლიოში C ჰეპატიტით დაავადებული უამრავი პაციენტია”, – ამბობს ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი გაიანე ფიდანიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის 1/3, დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი, C ჰეპატიტითაა დაავადებული. ამ დაავადებით ყოველწლიურად 1 მილიონი ადამიანი იღუპება.
ფიდანიანის თქმით, C ჰეპატიტით დაავადებულები ახალქალაქშიც არიან, რიცხვი 10-დან 15 კაცამდე მერყეობს. მაგრამ ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ მათი რიცხვი გაცილებით დიდია, უბრალოდ, ტესტირებას არ იტარებენ და შესაბამისად, არ არიან რეგისტრირებულნი.
ეპიდემიოლოგი ყველას მოუწოდებს, ექსპრეს-ტესტირება გაიარონ, რადგან დაავადების ადრეული გამოვლენით და მკურნალობის დაწყებით, გართულებები და სიკვდილიანობა ნაკლები იქნება. ეს ასევე შეამცირებს გავრცელების რისკს.
„ახალქალაქში, როგორც საავადმყოფოში, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ექსპრეს-ტესტები ტარდება, ისინი ძალიან მნიშვნელოვანია წინასწარი დადგენისთვის, რათა ჩატარდეს შემდგომი გამოკვლევა“, – ამბობს გაიანე ფიდანიანი.
ახალქალაქში ექსპრეს-ტესტირება უფასოა.