კორონავირუსის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესებისა და იტალიასთან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს, მორიგი სხდომა გამართა, სადაც გიორგი გახარიამ მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციასთან დაკავშირებით. სხდომაზე აღინიშნა, რომ ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 162 ადამიანი.
როგორც jnews-ს მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს, საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში დღეს, ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს. საქართველოს საზღვრის კვეთისას გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, როგორც საქართველოს ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, კერძოდ:
• ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა.
• საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა; ან საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში – სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.
საქართველოს მთავრობა ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი) მოგზაურობისგან.
“უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს. დღევანდელ სხდომაზე კვლავ აღინიშნა, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა სრულად მართავს პროცესს”, – აცხადებენ მთავრობის პრესსამსახურში.