რუსეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელიც უცხოელებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას 18 მარტიდან პირველი მაისამდე კრძალავს. მიზეზი კორონავირუსის ეპიდემიაა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, აკრძალვა არ გავრცელდება დიპლომატებზე, ოფიციალური დელეგაციების ხელმძღვანელებზე, მძღოლებზე, მფრინავებსა და მეზღვაურებზე, ასევე იმ უცხოელებზე, რომლებიც რუსეთში მუდმივად ცხოვრობენ.
როგორც რუსეთის მთავრობის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინის განცხადებით, ხელისუფლება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყველა შესაბამის რეკომენდაციას ითვალისწინებს და დროებით შეზღუდვებს აწესებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ანალოგიური ზომების გატარება ევროკავშირშიც იგეგმება. ევროკომისიის რეკომენდაციით, უცხოელებისთვის, 30 დღით, სრულად ჩაიკეტება კავშირის ტერიტორია.
გამონაკლისს მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისთვის დაუშვებენ. შეზღუდვა იმ უცხოელებს არ შეეხება, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრობენ.
ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში, ოფიციალურად, კორონავირუსით დაავადების 93 შემთხვევა ფიქსირდება, ამათგან 20 – მოსკოვში. ოპერატიული შტაბის შექმნამდე 63 დაინფიცირებულის შესახებ იყო ცნობილი.
17 მარტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით – COVID-19 -ით მთელს მსოფლიოში უკვე 182 764 ადამიანზე მეტია დაინფიცირებული, მათგან 7,174 დაიღუპა.
წყარო: BBC.com