უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება, ხოლო მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა – 27 აპრილამდე.
მთავრობამ ქვეყნის პრეზიდენტს საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივების თხოვნით მიმართა, რადგან მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში შედის და ის, 2-3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
“ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზეა. შემდგომი 2-3 კვირის მანძილზე ვიქნებით ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიურ, პიკურ ფაზაში. აქედან გამომდინარე, ხელსუფლების მოქმედებებს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება” – თქვა პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა.
საგანგებო მდგომარეობა თავდაპირველად 21 მარტს, ერთი თვით გამოცხადდა. დღეს კი, 21 აპრილს დრო ამოიწურა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელახლა უნდა გამოსცეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ბრძანება. პრეზიდენტის ბრძანება ძალაში შედის პრემიერ-მინისტრის ხელმოწერიდან და 48 საათის განმავლობაში. ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
ამ დრომდე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში აკრძალული იყო 3 ადამიანზე მეტის შეკრება და ავტომობილებით გადაადგილება, მოქმედებდა ასევე ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავდა. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებებიც და დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის 408 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 95 გამოჯანმრთელდა, 4 ადამიანი კი – გარდაიცვალა.