აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავას განცხადებით, წელს ციტრუსების კარგი მოსავალი იქნება, თუმცა ზუსტი პროგნოზის გაკეთება აგვისტოს ბოლომდე იქნება შესაძლებელი.
„ციტრუსის მოსავლის პროგნოზი ჩვეულებრივ აგვისტოში კეთდება. მაგრამ გასული წლების მონაცემებს თუ გადავხედავთ, ამ სეზონზე მოსალოდნელია დაახლოებით 45-60 ათასი ტონა მოსავალი. რაც შეეხება ექსპორტს, წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით, ის 35 000-დან 40 000 ტონამდე იქნება“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.
ძირითადი საექსპორტო მიმართულებებია სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბელორუსია, ასევე ევროკავშირის ქვეყნები, ბალტიისპირეთის ქვეყნები: ლიტვა, ლატვია, – იუწყება Business Georgia.
„ეს არის ძირითადი საექსპორტო ბაზრები, სადაც ჩვენი ციტრუსები მიდის. მოგეხსენებათ, უკრაინა ტრადიციულად იყო ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო ბაზარი, მაგრამ მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ამ ბაზარზე მიწოდება ჯერჯერობით შეუძლებელია. გარკვეული აქცენტი რუსულ ბაზარზეც კეთდება“, – განმარტავს ირმა აფხაზავა.
გასულ სეზონზე აჭარიდან 38 268 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა. საანგარიშო პერიოდში მანდარინი ექსპორტირებული იყო ყაზახეთში, ესტონეთში, ყირგიზეთში, სლოვენიაში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, უკრაინაში, სომხეთში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში.