ახალქალაქში 9 ადამიანი კვლავ თვითიზოლაციაში რჩება, – ამის შესახებ ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი იტყობინება. კარანტინში რამდენი ადამიანი იმყოფება ცენტრში არ იციან, რადგან რეგიონში სხვა ქვეყნის მოქალაქეები არ შემოდიან, სხვა სასაზღვრო პუნქტებიდან შემოსულთა მონაცემები კი, აქ არ იგზავნება.
როგორც ცენტრის დირექტორი ავეტიკ ტონაკანიანი ამბობს, ახალქალაქში ნორმალური ვითარებაა.
” თვითიზოლაციაში 9 ადამიანი იმყოფება, ორი მათგანი თურქეთიდან ჩამოვიდა, სამი სომხეთიდან, ხოლო დანარჩენი 4 მათი ოჯახის წევრია, რადგან მათ ურთიერთობა ჰქონდათ ოჯახის სხვა წევრებთან, ისინიც თვითიზოლაციაში არიან, რათა შეიზღუდოს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა”, – თქვა ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს, საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გამოცხადდა კარანტინი გამოცხადდა, ხოლო 18 მარტს დაიკეტა საზღვრები. 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყანაში კომენდანტის საათია შემოღებული, აკრძალულია საღამოს 21:00-დან 06:00 საათამდე სახლიდან გარეთ გასვლა.
შეზღუდულია 3 ადამიანზე მეტის ერთ სივრცეში შეკრება, გამონაკლისია სურსათის მაღაზიები და აფთიაქები, სოციალური დისტანციის გათვალისწინების შემთხვევაში.
70 წელზე უფროს მოქალაქეებს ეკრძალებათ სახლიდან გასვლა, გარდა, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში სურსათის უახლოეს მაღაზიაში, აფთიაქში, ან საავადმყოფოში მისვლისა.
მანქანაში დასაშვებია არაუმეტეს 3 კაცისა, ასევე, აკრძალულია წინა სავარძელზე ჯდომა, აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში 3000 ლარით დაჯარიმდებით.