საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, 30 წლის განმავლობაში აშშ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის მუშაობდა.

მისივე თქმით, თითქმის ყველაფერი, რაც აშშ-ს გაუკეთებია და რასაც აკეთებს საქართველოში, მიმართულია ქართველი ხალხის სურვილის მხარდასაჭერად, იყვნენ ევროკავშირისა და ნატო-ს ნაწილი.

„ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს და რასაც აშშ მტკიცედ უჭერს მხარს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს კანდიდატურას ევროკავშირში, რადგან გვსურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს მის ევროპულ მისწრაფებებში. როდესაც მესმის, რომ ხალხი ამბობს, აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან ცდილობს, მის ომში ჩათრევას მეორე ფრონტის გახსნით, ეს არის 100 პროცენტით რუსული დეზინფორმაცია. ეს აბსოლუტურად არ არის სიმართლე. ამ ომის შესაჩერებლად აშშ, რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს. საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდეც აშშ იყო ქვეყანა, რომელიც დაუღალავად მუშაობდა, რომ არ დაეშვა ეს ომი. ჩვენ აბსოლუტურად არ გვსურს, საქართველოს ამ ომში ჩათრეული ვიხილოთ. ჩვენი აზრით, ის, რასაც ევროკავშირი და ნატო იცავს, არის მშვიდობა და სტაბილურობა, კეთილდღეობა, თქვენ ეს შეგიძლიათ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ჩრდილოეთ ამერიკაში იხილოთ. სტაბილურობა, კეთილდღეობა და მშვიდობა ევროატლანტიკური სივრცის ნაწილად ყოფნას მოჰყვება. გვსურს ეს საქართველოსთვის. ასევე ვიცით, რა სურს ქართველ ხალხს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩის განმარტებით, აშშ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სურვილის მიმართ სრულ ერთგულებას განაგრძობს, რათა ის სრულად იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში.

ამასთან, კელი დეგნანს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ „ბოლო დროს ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები, რატომ აკეთებენ ანტიდასავლურ განცხადებებს“. კელი დეგნანის განცხადებით, რისი თქმაც შეუძლია, არის ის, რომ არ იცის, არც ერთი ადამიანი საქართველოში, ვისაც სურს, საქართველო ომის ნაწილი იყოს.

„პრემიერ-მინისტრის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მე არ ვიცი, არც ერთი ადამიანი საქართველოში, ვისაც სურს, საქართველო იყოს ამ ომის ნაწილი. აშშ-მ კარგად იცის, რა გამოიარეს ქართველებმა და რას გრძნობენ იმასთან დაკავშირებით, რაც უკრაინაში ხდება. უკრაინის მხარდასაჭერად გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება ძალიან კარგი დემონსტრირებაა, რას გრძნობენ ქართველები ამ ბრძოლაში. რაც დანამდვილებით საჭიროა, არის არა ბრძოლა ქართველებს შორის. ქართველები უნდა გაერთიანდნენ. ეს არის საკითხი, სადაც ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება გვერდით გადადებს უთანხმოებას და გაერთიანდებიან ამ ქვეყნის მომავლის ინტერესებისთვის, ამ ქვეყნის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. ეს არის ის, რაც ახლა საჭიროა, ერთიანობა და არა ბრძოლა. მინდა, ვიხილო ქართველები, რომლებიც მისდევენ თავიანთ მოდელს – „ძალა ერთობაშია“. ეს არის ის, რაც ახლა საჭიროა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.