ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები
  • სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:
  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი

 

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს.

კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს. შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე  თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია გამოაგზავნოთ  tigran.tarzyan@socialjustice.org.ge მეილზე, სათაურის ველში უნდა  მიუთითოთ: “კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში”.