პირველი ივლისიდან ბიზნესისთვის გაზის საფასური გაიზრდება. შესაბამისი განცხადება საქართველოს ბაზარზე მოქმედმა გაზის მიმწოდებლებმა კომპანიებმა “თბილისის ენერჯიმ” და “სოკარ ენერჯი ჯორჯიამ” გუშინ გაავრცელეს და აღნიშნული იმპორტირებული გაზის საფასურის ზრდით ახსნეს. კერძოდ, თბილისში მოქმედი ბიზნესისთვის 1 ივლისიდან გაზი 25 თეთრი გაძვირდება და ერთ კუბური მეტრი გაზის ფასი 1.35 ლარი გახდება, ხოლო რეგიონებში ფასი 23 თეთრით გაიზრდება და კომერციული აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 1.15 ლარის ნაცვლად 1.38 ლარს გადაიხდიან. აღსანიშნია, რომ წინა პერიოდებისგან განსხვავებით, გაზი პურის მწარმოებლებისთვისაც ძვირდება.

პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე bm.ge-სთან აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სექტორი გაურკვეველ მდგომარეობაშია და დამატებით ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ელის.

“ვთვლი, რომ პურის სექტორის მიმართ ეს გადაწყვეტილება არასწორია. არსებობს ქვეყნები, რომელთაც დღგ-ის გადასახადი აქვთ მოხსნილი; ზოგიერთ ქვეყანას კი, სხვა სახის შეღავათები აქვს პურის სექტორზე. ჩვენთან რას იზამენ, ეგ არ ვიცი. ორი დღის წინ ვიყავით სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სადაც ბევრი საკითხი განვიხილეთ; ხორბლის ახალი მოსავალი მოდის, ფქვილის ფასი იცვლება და არავის უთქვამს ჩვენთვის, რომ გაზზე ფასი მოიმატებდა. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებისგან გავიგეთ.

ვფიქრობ, ამ საკითხში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. მესმის, რომ კერძო ბიზნესია, თუმცა აქ პურის ფასზეა საუბარი, რომლის უკანაც ხალხის ინტერესი დგას. თუ არაფერი შეიცვლება, დავითვლით რა იქნება და მერე გეტყვით, შეიძლება საუბარი იყოს პურის ფასის რამდენიმე თეთრით გაზრდაზე. ზუსტად ვერ გეტყვით”, – ამბობს დოლიძე, მაგრამ არ აკონკრეტებს, რისი გაკეთება შეუძლია ან რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ.