გერმანიაში გამარტივებული კოვიდრეგულაციებით შესვლას პირველი ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებიც შეძლებენ.
აღნიშნულის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„გერმანიაში შესვლის გამარტივებული კორონარეგულაციები პირველი ივნისიდან: გერმანიაში შესვლის მსურველებისათვის აღარ არის სავალდებულო აცრის, გამოჯანმრთელების ან ჩატარებული ტესტის საბუთის წარდგენა; გაუქმდა ინფექციისგან დაცვისათვის შექმნილი მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სია, რადგან „ომიკრონი“ უფრო იშვიათად იწვევს დაავადების რთულ ფორმებს; ვაქცინაციის საბუთი საჭიროა მხოლოდ იმ პირთათვის, ვინც გერმანიაში ჩადის ქვეყნებიდან, სადაც მოხდა ვირუსის მუტაცია. ამ შემთხვევაში შესვლა შესაძლებელი ხდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილი ყველა ვაქცინით. საქართველო არ შედის ამ ქვეყნების სიაში“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე.