ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო სომხური სამოციქულო ეკლესიის ვიკარიატმა ჯავახეთში გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად ყველა საეკლესიო ღონისძიება, ბზობიდან დაწყებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ჩათვლით, მრევლის გარეშე, დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.
სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვიკარიატის ხელმძღვანელმა ნეტარ ვარდაპეტ (არქიმანდრიტ) ტერ მაგაკია ამირიანმა მოსახლეობას მიმართა:
«ძვირფასო მორწმუნენო, ჯავახებო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის საკარანტინე რეჟიმთან დაკავშირებით, ბზობიდან აღდგომამდე ყველა საეკლესიო ღონისძიება და ცერემონია დახურულ კარს მიღმა, მრევლის გარეშე ჩატარდება.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საეკლესიო მსახურების პროცესი ყველასთვის ონლაინ მისაწვდომი იყოს. მოქმედი ცენტრალური ეკლესიები დღის განმავლობაში იქნება ღია და მრევლი, სახელმწიფოს მიერ დადგენილი თავისუფალი გადაადგილების დისტანციის გათვალისწინებით და შენარჩუნებით, შეძლებს ტაძარში სიარულს და ლოცვას.
გთხოვთ და მოგიწოდებთ ამ დროებით შეზღუდვებს გაგებით მოეკიდოთ და დაწესებული კანონი და წესები გაითვალისწინოთ.
ვიმედოვნებთ, რომ ეს დღეები მალე გაივლის და უახლოეს მომავალში ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდებით.
ჩვენ ღმერთს ვთხოვთ თითოეულის და მთელი მსოფლიოს ჯანმრთელობას, ჩვენ ვეძიებთ ღვთის წყალობას, რათა შექმნილი ვითარება რაც შეიძლება მალე მოგვარდეს»,- აღნიშნულია განცხადებაში.