დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სტაბილური ეპიდსიტუაციის შესანარჩუნებლად აუცილებელია სადღესასწაულო დღეებში პირბადის ტარების წესისა და ტაძრებში დისტანციის დაცვა.
როგორც გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილო მობილობის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდ თავშეყრებზე უარის თქმა და რეკომენდაციების დაცვა.
„აპრილში ქვეყანაში ეპიდსიტუაცია თანდათანობით დასტაბილურდა. ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მცირდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შემცირდა ყველაზე მძიმე მაჩვენებელი – სიკვდილიანობა. საავადმყოფოებში წევს სულ 334 პაციენტი, აქედან ინტენსიურში და რეანიმაციაში 71. მაგრამ ეს ყველაფერი დამშვიდების უფლებას არ გვაძლევს, რადგან მთელ რიგ ქვეყნებში ადგილი აქვს ეპიდსიტუაციის გაუარესებას. ეს ძირითადად არის აღმოსავლეთის ქვეყნებში. ჩვენ თუ დავიცავთ პირბადის ტარების წესს, რაც დადგენილია დახურულ შენობებში და ახლა ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როდესაც ქვეყანაში ყველაზე დიდი სადღესასწაულო დღეებია. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება ტაძრებში. სასურველია, რომ ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეში. ამინდები პროგნოზით კარგია, შესაძლებელია ადამიანთა დიდი ნაწილი იყოს გარე სივრცეში და დავიცვათ დისტანცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბუსტერ დოზის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„სააღდგომო დღეების შემდეგ ვეცადოთ, მოვუმატოთ აცრების მოცვის მაჩვენებელი ქვეყანაში. მოგეხსენებათ, იმუნიზაციის საბჭომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება, მეორე ბუსტერთან დაკავშირებით. დღეს მოზრდილი მოსახლეობის 44% არის აცრილი. სასურველია, ვინც არ არის აცრილი ყველა აიცრას და აცრილმა გაიკეთოს მესამე ბუსტერი, რადგან ის კარგად იცავს ინფექციისგან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.