ახალქალაქმა მარტში მიღებული AstraZeneca-ს ვაქცინის 300 დოზიდან 290 უკან დააბრუნა. ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაცია არავის სურდა.
13 მარტს საქართველომ კორონავირუსის ვაქცინების პირველი პარტია მიიღო. პირველ ეტაპზე ქვეყანაში შემოვიდა ბრიტანულ-შვედური ვაქცინა AstraZeneca-ს 43 200 დოზა. ვაქცინის 1400 დოზა მიეწოდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, საიდანაც 300 დოზა გადაეცა ახალქალაქს.
როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი ავეტიკ ტონაკანიანი ამბობს, მას შემდეგ, რაც ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ ექთანი გარდაიცვალა, ხალხში შიში გაჩნდა, ამიტომ ვაქცინაცია არავინ ისურვა.
«ჩვენ ვაქცინის 300 დოზა მივიღეთ, შემდეგ ახალციხიდან 27 წლის ექთნის გარდაცვალება დაფიქსირდა, ხალხს შეეშინდა და ვაქცინაცია არ ისურვა. რახან ვაქცინის ვადა მაისში იწურება, ჩვენ 290 დოზა დავუბრუნეთ და 10 დოზა დავტოვეთ საავადმყოფოში, სადაც ვაქცინაცია ჯერ არ ჩატარებულა», – განუცხადა Jnews-ს ავეტიკ ტონაკანიანმა.
მისი თქმით, თუ გვინდა პანდემიის დაძლევა, ვაქცინაცია უნდა გავიკეთოთ.
«მართალია, ამ ვაქცინს აქვს გართულებები, მაგრამ ყველა ვაქცინას აქვს გართულება, ხალხს ვაქცინა უნდა გაუკეთდეს. შეიძლება სხვა ვაქცინაც მივიღოთ, რომ ადამიანებმა ვაქცინაცია შეძლონ», – თქვა ტონაკანიანმა.
ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი ალექსან თოროიანი, ასევე, ადასტურებს, რომ საავადმყოფოს არცერთი პერსონალი არ არის ვაქცინირებული.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მსურველთათვის ონლაინ-პლატფორმა ამუშავდა, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ შეუკვეთონ დრო და ადგილი (www.booking.moh.gov.ge).
სამცხე-ჯავახეთში ვაქცინების, რაოდენობა განაწილებული იყო შემდეგნაირად: ახაციხე – 400, ადიგენი – 150, ახალქალაქი – 300, ბორჯომი – 250, ნინოწმინდა – 200 და ასპინძა – 100 დოზა.
22 მარტს შეერთებული შტატებიდან საქართველოში ჩამოვიდა ვაქცინა Pfizer-ის 29 500 დოზა, ხოლო 3 აპრილს 100 000 დოზა ჩინური წარმოების ვაქცინა Sinopharm-ი. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.