ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.
კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიწვევა, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ სამიტზე ერევანს ესტუმროს.
„მხარეები შეთანხმდნენ სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რათა ხელი შეუწყონ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მთლიანად რეგიონს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას“, – აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა და ფაშინიანმა მხარი დაუჭირეს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციის განვითარებას, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში გადახდების წილის გაზრდას.
პარალელურად, სომხეთის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას.