სოფელ პატარა სამსარის სპორტსმენები ძიუდოს მე-2 საერთაშორისო ტურნირიდან დაბრუნდნენ, რომელიც 12-დან 13 აპრილამდე წყნეთის სპორტულ კომპლექსში გაიმართა.

ტურნირი 2009-2010 და 2011-2012 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის ძიუდოს კლუბ „მძლეთას“ ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც  საქართველოს საუკეთესო ნაკრებები მონაწილეობდნენ.

21 კგ წონით კატეგორიაში სოფელ პატარა სამსარიდან მეორე ადგილი გურგენ ხაჩატრიანმა და 24 კგ წონით კატეგორიაში გოჰარ ავაგიანმა დაიკავეს. მათი მწვრთნელი აღასი ავაგიანია.

 

dyudo1

აღასი ვარჯიშს სოფლის ერთ-ერთი მოსახლის სახლში ატარებს, რომელიც ამ დროისთვის დაუსახლებელია, დანარჩენი ინვენტარი – ძიუდოს ხალიჩები და აქსესუარები თავად იყიდა.

 

ձյուդո

„ჩემი მოსწავლეები ძალიან ნიჭიერები არიან, ასეთი შეჯიბრებები ბევრია, მაგრამ ყველას არ აქვს მონაწილეობის საშუალება, ჩვენ ჩვენი ფინანსებით მივდივართ, სპორტსმენების მშობლებთან ერთად. მერიისგან ველოდები პასუხს, მხარს თუ დაგვიჭერენ, უფრო მეტისკენ მივისწრაფვით და წარმატებას მივაღწევთ“, – თქვა აღასი ავაგიანმა Jnews-თან საუბარში.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარში არ არის საკმარისი პირობები ახალგაზრდებისთვის სპორტით რომ დაკავდნენ. სოფელში ჰყავთ მწვრთნელი ძიუდოში, რომელიც შეზღუდული რაოდენობის ბავშვებს ავარჯიშებს და ხელფასს ბავშვების მშობლების თანხიდან იღებს. მწვრთნელმა სოფელში ძიუდოს სკოლის გახსნის მოთხოვნით მერიას არაერთხელ მიმართა, თუმცა ამ დრომდე არანაირი ქმედება არ ყოფილა.