დღეს სამცხე-ჯავახეთის 3 მაცხოვრებლის კორონავირუსის ტესტირების პასუხები გახდა ცნობილი, რომელთა ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი. არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუმტკიცდა.
აბასთუმნის ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის კლინიკური მენეჯერის კახა ბერიძის ინფორმაციით, კარანტინში გადაყვანილი 81 პირთაგან 70 ცენტრიდან უკვე თანდათანობით მიემგზავრება. დღეს ცენტრს 10 ადამიანი დატოვებს, რჩება მხოლოდ ერთი მოქალაქე, რომელიც დაელოდება, რომ მისი სავალდებულო კარანტინის 14 დღე დასრულდეს. ცენტრის ერთ-ერთ პაციენტს მაღალი ტემპერატურის გამო ტესტი ჩაუტარდა, მაგრამ კორონავირუსი არ დაუმტკიცდა. ტესტი ყოველი შემთხვევისთვის ჩაუტარეს, რადგან ქალბატონს 30 მარტს 37,5 გრადუსი ტემპერატურა ჰქონდა.
კორონავირუსზე ასევე შეამოწმეს ახალციხის ჰოსპიტალის ორი პაციენტი. ერთი ასპინძის მცხოვრები, რომელსაც ჰქონდა პნევმონია, ხოლო მეორეს მაღალი სიცხე ჰქონდა და გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ იყო თვითიზოლირებული. თუმცა ორივე მათგანის პასუხი უარყოფითი იყო, მათ კორონავირუსი არ დაუმტკიცდათ.