ჯავახეთში გაზაფხული თოვლიანი გამოდგა, ზამთარშიც არ ყოფილა ისეთი ქარიშხალი, როგორიც ბოლო ორი კვირაა მძვინვარებს. ადგილობრივი ხელისუფლება ვერ ასწრებს ერთი გზის გაწმენდას, მეორე იხურება. დიდთოვლობის გამო სოფელი მოდეგამი 11 დღეა გარესამყაროს მოწყვეტილია.
ქარბუქის 11 დღის განმავლობაში გაჭირვებით გაიწმინდა და გაიხსნა ახალქალაქის სოფელი დიდი და პატარა სამსარი, ბალხო, ოლავერდი, ალასტანი, ღადოლარი, თირქნა და ახალქალაქის სხვა შორეული სოფლებისკენ მიმავალი გზები. თუმცა სოფელი მოდეგამი 11 დღეა იზოლაციაშია. გაწმენდითი სამუშაოები გუშინ დაიწყო, მაგრამ უკვე დღეს ისევ ამოვარდა ქარი და ისევ შეჩერდა გაწმენდითი სამუშაოები, იმ იმედით, რომ ქარი ჩადგებოდა.
“გუშინ იმუშავა ტექნიკამ და გზა გაიხსნა 60-70%-ით, თუმცა დღეს ისევ ამოვარდა ძლიერი ქარი. ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას, რათა გზა ბოლომდე გავხსნათ”, – თქვა ახალქალაქის მერმა, მელქონ მაკარიანმა.
სოფლის მკვიდრი და სოფლის სკოლის მასწავლებელი სვეტლანა გრიგორიანი ყვება, თუ „უამინდობით ალყაში მოქცეული“ სპფელი, როგორ ცხოვრობს?
„აქ საშინელებაა, დღეს ისევ ქარიშხალია, ვმუშაობ მეზობელ სოფელ ღადოლარში და დღეს ვცდილობდი სკოლაში ფეხით წავსულიყავი, რომ ბევრი გაცდენა არ მქონოდა, თუმცა შემეშინდა, რომ დავიხრჩობოდი. 11 დღეა გზა არ გვაქვს, გუშინ თითქმის ნახევარი გაწმინდეს. კარგი ტექნიკა არ არის, რომ მაშინვე გაიხსნას. აქ ბევრი თოვლია და ქვასავით მკვრივია. 11 დღეა მაღაზიაში ვერ წავსულვართ, საშინელი მდგომარეობაა,დენი გათიშულია. ზამთარში ყოველთვის გვაქვს დაკეტილი გზების პრობლემა, მაგრამ წელს უკვე 11 დღეა გზა დაკეტილია, ყოველწლიურად გზები ამდენ ხანს არ რჩებოდა ჩაკეტილი, სკოლაში 2 მოსწავლე მოვიდა, საშინაო დავალება შეასრულა და როცა ძლიერი ქარბუქი იყო წავიდნენ სახლში“, – ამბობს სვეტლანა გრიგორიანი.
მერიაში განაცხადეს, რომ ქარბუქმა, რომელიც დღეს განახლდა, გზები კვლავ ჩაკეტა. გაიწმინდა ახალქალაქიდან კარწახისკენ მიმავალი გზა, ასევე გოგაშენისკენ მიმავალი გზა. სოფელ ალასტანისკენ მიმავალი გზაც ჩაკეტილია, თუმცა ძლიერი ქარიშხალი არ იძლევა გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების საშუალებას, ტექნიკა ძლიერ და გაქვავებულ თოვლს ვერ უმკლავდება.