დღეიდან კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი უქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში განმარტეს, დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების გარდა, ყველა შეზღუდვა და რეგულაცია გაუქმდება.
„უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ სახელოვნებო, თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის ღონისძიებებზე. ე.წ. დისტანციურზე მყოფი თანამშრომლები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს. უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან PCR ტესტის გარეშე. შენარჩუნდება ვაქცინაციაზე დაწესებული წახალისების პროგრამა. პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა და რეგულაცია, გარდა დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებისა, უქმდება“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული შეზღუდვები ქვეყანაში თვეების განმავლობაში მოქმედებდა.