ამ დროისთვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების გზები ჩაკეტილი რჩება, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

ახალქალაქის მერის თქმით, ამ დროისთვის დაკეტილია სოფელ გომანიდან სოფელ ოლავერდისკენ მიმავალი გზის მონაკვეთები, სოფლების – ბუგაშენისა და დიდი და პატარა სამსრისკენ მიმავალი გზები, სადაც თოვლის სიმაღლე ორ მეტრზე მეტია. ასევე ჩაკეტილია გზა სოფელ ალათუმანიდან სოფელ ბეჟანოს მიმართულებით.

მერი აღნიშნავს, რომ გამოყვანილია სპეციალური მანქანა, რომლის დახმარებითაც ჯერ ბუღაშენის, შემდეგ კი სოფელ ბეჟანოსკენ მიმავალი გზა თოვლისგან გაიწმინდება.

წუხელ, 03:30 საათამდე სოფლების: ორჯას, ხანდოს, ვარევანის, ალასტანისა და კოკიოსკენ მიმავალი გზები გაიწმინდა.

„გოგაშენისა და ოკამის მიმართულებით ამჟამად კიდევ ერთი K700-ი მუშაობს, რის შემდეგაც სოფლების, ხავეთისა და დადეშის გზები გაიწმინდება. სამწუხაროდ, ჩვენი ძლიერი ტექნიკა, რომელმაც გუშინ სოფელ ალასტანის გზა გაწმინდა, გაფუჭდა“, – ამატებს მელქონ მაკარიანი.

მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თოვლის საფარი იმდენად მკვრივია, რომ მისი ამოღება მხოლოდ მუხლუხო ტრაქტორის საშუალებითაა შესაძლებელი.

სოფელ ბუღაშენში პრობლემაა არა მხოლოდ ჩაკეტილი გზა, არამედ ბუნებრივი აირის არარსებობაა, ქარმა სოფლის გაზსადენი დააზიანა.

ამ დროისთვის რეგიონის რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მელქონ მაკარიანის თქმით, დღეს, ახალქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის სოფლებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.

„ეს შრომა ერთი ადამიანისთვის შეუძლებელია, უნდა დავყოთ სხვადასხვა მიმართულებით, ვნახოთ, როგორ შევძლებთ წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებას”, – დასძინა მან.

ორდღიანი ძლიერი თოვის შემდეგ, ახალქალაქში დღეს შედარებით კარგი ამინდია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალქალაქი-კარწახის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მკაცრად აკრძალულია.