სოფელი მურჯახეთი ქალაქ ახალქალაქიდან მხოლოდ 5 კმ-ით არის დაშორებული, მაგრამ ქალაქამდე მისვლას საათზე მეტი დრო სჭირდება. სავალალო მდგომარეობაშია, როგორც სოფლისკენ მიმავალი გზა, ისე სოფლის შიდა გზები.
სოფელში, სადაც 80-მდე ოჯახი ცხოვრობს, სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობენ, თუმცა მთავარ პრობლემად დანგრეულ გზებს ასახელებენ. მურჯახეთამდე მისასვლელად ორი გზა არსებობს: ერთი სოფელ ჩამდურადან, მეორე ხოსპიოდან. ხოსპიოს გავლით გზა გაცილებით მოკლეა, სოფლის მოსახლეობა მას მთავარ გზად მიიჩნევს, მაგრამ თოვლის დროს ის საერთოდ გაუვალი ხდება. ჩამდურადან გზა უფრო გრძელია, მაგრამ ისიც დანგრეული.
სოფლის მოსახლეობა ხელისუფლებას მათი სოფლისკენ მიმავალი გზების გაუმჯობესებას სთხოვს.
„მართალია, სოფელში სხვა პრობლემებიც არის, როგორიცაა ახალგაზრდების დასაქმება, სათამაშო მოედანი, მაგრამ ამ დროისთვის პრიორიტეტად ნორმალური გზების არსებობა მიგვაჩნია. წვიმების დროს ამ გზის გადაკვეთა საერთოდ შეუძლებელია, თოვლზე საუბარიც არ არის“, – აღნიშნავს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები ახალგაზრდა.
სოფელ მურჯახეთის სპეციალისტის, სედრაკ მარგარიანის თქმით, წლეულს გზის ასფალტის პროექტი არ არის, სამაგიეროდ ახალი ხიდის აშენება სურთ.
„ასფალტის პროექტი არ არის, მაგრამ ახალი ხიდის აშენებას ფიქრობენ. პროექტი გასული წლიდან მზად იყო, მაგრამ შარშან ფული არ იყო“.
სოფლის ხიდს დაახლოებით 200 წლიანი ისტორია აქვს, ის ისტორიულ ძეგლად ითვლება, რომლის შეკეთება შეუძლებელია, ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ძველის გვერდით ახალი ხიდის აშენება გადაწყვიტა.
წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მურჯახეთში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლის სპეციალისტი იმედს გამოთქვამს, რომ გზები წელსაც, რამდენჯერმე გასწორდება.