სახელმწიფო დუმამ დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს ე.წ. თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

დუმამ განიხილა ორი პროექტი, „კომუნისტური პარტიისა“ და „ერთიანი რუსეთის“ მიერ წარდგენილი ვარიანტები. „ერთიანი რუსეთის“ მიერ წარდგენილი ვარიანტი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციის გავლას ითვალისწინებდა, „კომუნისტური პარტიის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტი კი პრეზიდენტთან მის დაუყოვნებლივ გადაგზავნას.

„კომუნისტური პარტიის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტს მხარი 351-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 16 წავიდა, ერთმა თავი შეიკავა, „ერთიანი რუსეთის“ მიერ წარდგენილ ვარიანტს კი – 310-მა დეპუტატმა, რის შედეგადაც „კომუნისტური პარტიის“ დოკუმენტი შეირჩა. რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების მიმართვა პრეზიდენტს პირდაპირ გადაეგზავნება.