ფსკოვის აეროპორტზე, რომელიც უკრაინისგან 700 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და რომელშიც რუსეთის 334-ე სამხედრო-სატრანსპორტო პოლკია დისლოცირებული, დრონებით განხორციელდა შეტევა.

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, დაზიანებულია ოთხი სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი „ილ-76“.

„ფსკოვსკაია გუბერნია“, ერთ-ერთი პირველი გამოცემა, რომელმაც აეროპორტის რაიონში აფეთქებების შესახებ დაწერა, იტყობინება, რომ ადგილობრივებმა გაიგეს აფეთქების და ავტომატის ჯერის ხმა. სხვადასხვა მონაცემით, აეროპორტზე იერიში მიიტანა 10-20-მა დრონმა, რომელთა ჩამოგდებასაც ცდილობდნენ ცეცხლსასროლი იარაღით.

„ტასს“-ი რუსეთის საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ დაზიანდა ოთხი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი „ილ-76“. კონკრეტულად რა სახის დაზიანება მიიღო ტექნიკამ, არაა დაზუსტებული. მომხდარზე კომენტარი საერთოდ არ გაუკეთებიათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ერთ-ერთი დრონი, ტელეგრამ-არხ „მეშის“ ცნობით, მოხვდა აეროპორტის ბენზინგასამართ კომპლექსს, რის შედეგადაც დიდი ხანძარი გაჩაღდა.

ფსკოვის ოლქისა და ახლომდებარე რეგიონების საჰაერო სივრცე ჩაკეტილია ფრენებისთვის.