დღეს ზოგიერთ მედიაგამოცემაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასწავლებლები კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირებას აღარ გაივლიან, თუმცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში Jnews-ს განუცხადეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მასწავლებლების ტესტირება გაგრძელდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების მხარდაჭერით, 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის ექიმები გადაამზადა.
სამინისტრომ Jnews-ს დაუდასტურა, რომ სკოლები, რომლებსაც უკვე ჰყავთ გადამზადებული ექთნები, თავად ჩაატარებენ ტესტირებას შესაბამისი პროცედურის დაცვით. რაც შეეხება სკოლებს, სადაც ჯერ არ არიან მომზადებული ექთნები, ისინი ტესტირებას სამედიცინო ცენტრებში გააგრძელებენ.
აღნიშნული ინფორმაცია ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, სირანუშ ტონაკანიანმაც დაადასტურა.