სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროგრამა დაინერგა, რომლის თანახმად სწავლის დასრულების შემდეგ მასწავლებლები უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიიღებენ. ასევე, უნივერსიტეტის განათლების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, უახლოეს მომავალში სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც მიიღებენ გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობას. შეძლებენ პედაგოგიური სტატუსისა და ანაზღაურების ამაღლებას.
ირმა ქურდაძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და უნივერსიტეტის განათლების განყოფილეის ხელმძღვანელი, განსაკუთრებული ენთუზიაზმით ჰყვება აღნიშნული პროგრამის შესახებ.
“ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც 60 საფეხურს მოიცავს, რომლის მიხედვით, თუკი მასწავლებელი ჩააბარებს და სწავლას დაამთავრებს, ის მაშინვე ხდება უფროსი მასწავლებელი. ამჟამად ბევრი პრაქტიკოსი მასწავლებელი გვყავს ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან. ამ პროგრამით სწავლებისთვის, აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ საგნობრივი გამოცდა, რომელიც ათბალიანი სისტემით ფასდება. მაგალითად, მინდა გეოგრაფიის მასწავლებელი გავხდე, მაგრამ ჩემი დიპლომი გეოგრაფიის სპეციალიზაციას არ მაძლევს. საჭიროა ბაკალავრის დონე, ასევე პირმა უნდა მიიღოს მაღალი შეფასება აღნიშნულ საგანში, რომ სწავლების უფლება ჰქონდეს და უფროსი მასწავლებლის სტატუსიც მიიღოს”,- ამბობს ირმა ქურდაძე.
პროგრამა მოქმედებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში, იმ შემთხვევაში, თუ მსურველების რაოდენობა გაიზრდება, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ახალქალაქის ფილიალსაც განიხილავს.
“ჩვენ გვინდა სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის ახალი პროგრამის დანერგვა, რომელიც იმოქმედებს ახალქალაქში, რადგან გამოკითხვა გვიჩვენებს, რომ სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები არ გვყოფნის, ხოლო მასწავლებლები, რომლებიც ახლა ასწავლიან, უკვე საკმაოდ უფროსი ასაკის არიან. ამ კურსის გავლის შემდეგ მასწავლებელი მიიღებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს. პროექტი უკვე მზად არის, საჭიროა ლიცენზიის მიღება, შემდეგ დავიწყებთ მიღებას”,- ამბობს პროფესორი.
სტატუსის გარეშე და დაბალი ანაზღაურებით: სომხური ენის მასწავლებლების მდგომარეობა არ შეიცვლება.
სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, დანარჩენი საგნების მასწავლებლებისგან განსხვავებით, დღემდე არ აქვთ საკუთარი საგნის ჩაბარების შემთხვევაში სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა, ამიტომ ბევრი მათგანი იძულებულია გამოცდა სხვა საგანში ჩააბაროს. ასეთი მასწავლებლების რაოდენობა ახალქალაქში 53 და მთელ რაიონში 167 შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლაში მუშაობს 269 უფროსი, 18 წამყვანი და 1 მენტორი მასწავლებელი. სამცხე-ჯავახეთში სტატუსის მქონე მასწავლებლების საერთო რაოდენობა 42 689 შეადგენს.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების ანაზღაურება 100 ლარით გაიზარდა.
2017 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრომ მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ცვლილებები შეიტანა, მათ შორის უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის პროგრამაში. სტატუსის ქონისთვის, მასწავლებლებმა გამოცდა უნდა ჩააბარონ ზოგად უნარებში და იმ საგანში, რომელსაც სკოლაში ასწავლიან.