ტყიბულის შახტში, არსებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა. მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც საქართველოს პირველ არხს ტყიბულის შახტების მმართველ კომპანიაში განუცხადეს, შახტში ინციდენტი მოხდა, მომხდარის დეტალებს ადგილზე კომპანიის შრომის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები სწავლობენ.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ხუთი-ექვსი პირი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ინციდენტი მოხდა, ახლა არის ჩასული ჩვენი შრომის უსაფრთხოება შახტში და იკვლევენ, რა მოხდა. ზუსტად ჯერ არ ვიცით, რა მოხდა. დასაზუსტებელია ჯერ, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, ხუთი-ექვსი ადამიანი არის დაშავებული. განსაკუთრებით მძიმედ იყო ერთი მამაკაცი. სამწუხაროდ, გარდაიცვალა. დანარჩენები მსუბუქად არიან. ყველა გადაიყვანეს საავადმყოფოში, რომ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ. სავარაუდო მიზეზებზე ვერ გეტყვით ჯერ ვერაფერს. ჩვენი კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იკვლევენ“, – განაცხადა „საქნახშირის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გვანცა დელიბაძემ.
საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.