თბილისში, ავლაბარის ერთ-ერთ კერძო სახლში, ცნობილი ლორის- მელიქოვების გვარის წარმომადგენლის, გევორგ მელიქოვის საფლავის ქვა აღმოაჩინეს. საფლავის ქვა საკუთარი სახლის ეზოში ზურაბ ბიბილაშვილმა იპოვა. ქვა ავლაბრის წმინდა ეჩმიაძინის ეკლესიის ეზოში გადაასვენეს, –  ამის შესახებ “ალიქ მედია” იუწყება.

IMG-5771-1

საფლავის ქვა ეკლესიის ეზოში საზოგადო მოღვაწის ლევონ ჩიდილიანისა და მისი მეგობრების ძალისხმევით გადაიტანეს. „ალიქ მედიასთან“ საუბარში ჩიდილიანმა თქვა, რომ ძეგლი ძალიან იშვიათია, რადგან ის ფოლადისგანაა დამზადებული.

„ადამიანები, ვინც საფლავი აღმოაჩინეს, 20 წელია ამ სახლში ცხოვრობენ, სახლის რემონტის დროს იპოვეს. დაგვიკავშირდნენ და სასწრაფოდ გადავიტანეთ ეკლესიის ეზოში“, – ამბობს ჩიდილიანი.

მისივე თქმით, გევორგ ლორის-მელიქოვი 1860 წელს გარდაიცვალა, ამიტომ საფლავის ქვა დაახლოებით 160 წლისაა.  გევორგ ლორის-მელიკოვი შესაძლოა  “ხოჯივანქის პარკში” ყოფილიყო დაკრძალული და ვიღაცამ, 1936-38 წლებში ქვა განადგურებას გადაარჩინა.

„საფლავის ქვა ძალიან კარგად არის შემონახული, არავითარი დაზიანება არ აქვს “, – ამბობს ჩიდილიანი.

„ალიქ მედია“ დაინტერესდა, აპირებდნენ თუ არა საფლავის ქვის “ხოჯივანქის პანთეონში” გადატანას, ჩიდილიანმა აღნიშნა, რომ მიზანშეწონილად მიაჩნიათ მისი ავლაბრის სომხური ეკლესიის ეზოში მუზეუმის ექსპონატად დატოვება.

„ეს დიდი იშვიათობაა, ასეთი საფლავის ქვა მხოლოდ სიღნაღის სომხურ ეკლესიაში მაქვს ნანახი.”

IMG-5742-1

მელიქოვების სამთავრო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი იყო რუსეთის იმპერიაში. ოჯახის წევრებს შორის იყვნენ მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრები – მიქაელ და გევორგ ლორის-მელიქოვები.