ახალციხე-ახალქალაქის საავტომობილო გზაზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, საგზაო ნიშნები არასწორად დამონტაჟდა.
ახალქალაქიდან გასასვლელში ახალციხის, ბორჯომისა და ბაკურიანისკენ მიმავალ გზაზე არ არის ნიშნები, მაგრამ გზის მარჯვენა მხარეს (ახალქალაქის მხრიდან) არის ნიშანი წარწერით ბორჯომი და ბაკურიანი, რომელიც მიუთითებს ზემოთ, ანუ სოფელ არაგვისკენ მიმავალ გზაზე. ამ გზატკეცილს ახალქალაქი-ბაკურიანს ეძახიან, მაგრამ მისი გავლა, მხოლოდ ზაფხულში შეიძლება, რადგან გზა სავალალო მდგომარეობაშია.
სატვირთო მანქანების მძღოლები, ძირითადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არ იცნობენ ტერიტორიას, ენდობიან და მიჰყვებიან საგზაო ნიშანს, რომელიც მიუთითებს, რომ გზას ბორჯომისკენ განაგრძობენ, სინამდვილეში კი ის ახალქალაქის მაღალმთიან სოფლებში ადიან.
საგზაო ნიშნები «საგზაო-სამშენებლო სამმართველო N1»-მა დაამონტაჟა, რომელმაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში 5 744 000.00 ლარით გაიმარჯვა.
JNEWS-ი შეეცადა ეცნობებინა არასწორი ნიშნების შესახებ კომპანიის დირექტორ შოთა აბულაძისთვის ტელეფონით:
„საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა ვაცნობოთ, ასევე კარგი იქნება, თუ მერიაც სამინისტროს მიმართავს ნიშნის გასასწორებლად, რადგან პროექტი ჯერ კიდევ ძალაშია. თუმცა, პროექტში ასე იყო მითითებული, ამიტომაც დამონტაჟდა ეს ნიშანი“, – თქვა მან.
ამის შემდეგ ახალქალაქის მერს მივმართეთ. როგორც მან გვითხრა, ხარვეზის შესახებ ინფორმირებული იყო და მუშებს უკვე ესაუბრა.
„ბაკურიანის მიმართულებით აბრა სწორია, რადგან იქ ბაკურიანისკენ გვაქვს გზა, მაგრამ ბაკურიანი კი არ უნდა ყოფილიყო მონიშნული, არამედ ახალციხე ან თბილისი უნდა ყოფილიყო, რომ ნათელი ყოფილიყო, რომ ეს არის მთავარი გზა. ჩვენ, ადგილობრივებმა ვიცით, რომ ბაკურიანისკენ მიმავალი გზაა, რომელიც ზამთარში გაუვალ მდგომარეობაშია, მაღლა ადიან უცხოები, ზაფხულში, დასვენების სეზონის ჩათვლით, მეც შემხვდა ასეთი ხალხი. მივმართეთ, კიდევ მივმართავთ, მივიღებთ ზომებს ამ საკითხის სწრაფად მოსაგვარებლად. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ბევრმა არ იცის გზა და ზამთრის ამ სეზონზე სატვირთოები დადიან“, – თქვა მერმა, მელქონ მაკარიანმა.
მერის აზრით, უკეთესი იქნება ეს ნიშანი საერთოდ მოეხსნათ.