საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს ბრიუსელში ვიზიტს იწყებს. ვიცე-პრემიერს დღეს შეხვედრები ნატო-ს მთავარ შტაბბინაში აქვს დაგეგმილი.
დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს ნატო-ს წევრი 30 ქვეყნის ელჩებთან, დღის მეორე ნახევარში კი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ერთი კვირის წინ, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, მირჩა ჯოანასა და დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბრის დროს დაიგეგმა.
ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალიანსის შტაბბინას მას შემდეგ სტუმრობს, რაც ბრიუსელში ნატო-რუსეთის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მოსკოვის მიერ შემუშავებულ წერილობით მოთხოვნებზე გაიმართა დისკუსია. რუსეთის ფედერაცია ნატო-სგან ითხოვს, რომ ალიანსმა ღია კარის პოლიტიკასა და გაფართოებაზე უარი თქვას და ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილებები ივნისის ბოლოს მადრიდში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე გაუქმებულად გამოაცხადოს.